მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო კომპანიებისთვის - კონკურსის დეტალები

5f82f897130e0
თელარა გელანტია
12.10.20 09:45
1530
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს აცხადებს.

დაინტერესებულ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე.

როგორც bm.ge-ის მსოფლიო ბანკიდან აცნობეს, შარშანდელი პირველი კონკურსისგან განსხვავებით, წელს ის ფართოვდება და უფრო მეტ კომპანიას მოიცავს. კერძოდ, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟის (GSE) A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალ კომპანიებს შეეძლოთ, წელს კი, ის ღია იქნება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (PIEs), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. ლისტინგში შემავალ ყველა კომპანიას ავტომატურად მიენიჭება ქულები შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგრამ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს სავაჭროდ დაშვებული ფირმების ჩათვლით დასჭირდებათ თვითწარდგენა.

პოტენციურად 162 კომპანია შეიძლება ჩაერთოს კონკურსში და სათანადოდ შეფასდეს ქულებით (2019 წელს კონკურსში მხოლოდ 16 კომპანია მონაწილეობდა). თვითწარდგენილი კომპანიების რაოდენობა კი შემოფარგლული იქნება პირველი 20 კომპანიის განაცხადით, რომლებიც შესაბამისობაშია კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნებთან და მიღებული იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრის დღის 12 საათის შემდეგ 2020 წლის 15 ნოემბრამდე (წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემუშავებული Saras.gov.ge ვებგვერდის რეგულაციის მიხედვით).

ამასთან, კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ აუდიტის არაკვალიფიცირებულ დასკვნასთან და კომპანიის კატეგორიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სავადო მოთხოვნებს, რომლებიც განმარტებულია ქვევით. იმისათვის, რომ კომპანია შესაბამისობაში იყოს კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნებთან, მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არაფინანსური ინფორმაციის ანგარიშები წლიური ანგარიშის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

2020 წლის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ახალი ჯილდო - კომპანიების წლიურ ანგარიშებში შემავალი საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიშგებისთვის. ინტეგრირებული ანგარიშგება წარმოადგენს მოკლე კომუნიკაციას იმის შესახებ თუ როგორ განაპირობებს ორგანიზაციის სტრატეგია, მართვა, ეფექტიანობა და პერსპექტივები ღირებულების შექმნას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიოს ბევრი წამყვანი კომპანია აქვეყნებს ინტეგრირებულ ანგარიშებს, რომლებშიც აღნიშნულია ანგარიშგების მიმართულებით არსებული ძირითადი ინოვაციები.

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმს, პროცესი ძირითადად ისეთივე იქნება როგორც 2019 წელს - ჯილდოს გადაცემა მოხდება 3-ეტაპიანი შეფასების საფუძველზე, რომელიც მოიცავს თავდაპირველ გაცხრილვას, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების დეტალურ შეფასებას, და ბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენას.

გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.

ჟიური

საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები:
• პოლ თომპსონი, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და მსს ბუღალტერთა და აუდიტორთა ევროპული ფედერაციის დირექტორი, ბელგია (თავმჯდომარე)
• გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის აღმასრულებელი თავმჯდომარე, საქართველო
• გიორგი რუსიაშვილი, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის დირექტორი, საქართველო
• ირინა გორდელაძე, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, საქართველო
• ნინო ქურდიანი, ფინანსური დირექტორი, საქართველოს საფონდო ბირჟა
• ერიკ ვერმიულენი, ტილბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიდერლანდები
• ბრანკო ლუტიჩი, SFAI მონტენეგროს პასუხისმგებელი პარტნიორი, მონტენეგრო
• ტარიელ გვალია, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის გამგეობის წევრი, საქართველოს დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება, საქართველო
• ელისაბედ - ნუცა დავითაშვილი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი, საქართველო
• მაია მელიქიძე, კომისიის წევრი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველო
• ედვარდ ვახტანგიშვილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, საქართველო
• ეკატერინე პაპიაშვილი, CRESCO კონსალტინგის გენერალური დირექტორი, საქართველო
• სოფია ყოლბაია, კაპიტალის ბაზრების ზედამხედველობა, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველო
• გიორგი ნაკაშიძე, ფონდების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველო
• ფილიპ იუნგენი, yes.com AG -ს ოპერაციული დირექტორი (შვეიცარია) და PensionskassevomDeutschenRotenKreuz VVAG -ს აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე (გერმანია)
• ჟან-ფრედერიკ პოლსენი, საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ვიცე - თავმჯდომარე, საქართველო.

„დაჯილდოება კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია იმისათვის, რომ საქართველო ბიზნესსა და ინვესტორებზე ორიენტირებული ქვეყანა გახდეს, რაც აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. საქართველოს ეკონომიკის წარმატება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული კერძო სექტორის მიერ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მოზიდვის უნარზე. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების გლობალურ რეიტინგში საქართველოს სახარბიელო მე-7 ადგილი უკავია. თუმცა, ქვეყანა ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს. 2016 წლის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ პერიოდში საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს დანიშნულებაა ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.