მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრებში სამუშაო საათები შემცირდა - ვინ როგორ მოერგო ახალ რეგულაციებს?

5faaa2bfe42c0
ინგა მურუსიძე
10.11.20 21:10
3582
უკვე მეორე დღეა ძალაშია მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია. მართალია, თბილისში, სავაჭრო ცენტრები ისედაც 22:00 საათამდე მუშაობდნენ, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ როგორც - ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობის აკრძალვამ გავლენა სავაჭრო ცენტრების სამუშაო საათებზეც იქონია.

Bm.ge დაინტერესდა, რომელი სავაჭრო ცენტრი რომელ საათამდე იმუშავებს ახალი რეგულაციების შესაბამისად. როგორც სოციალური გვერდებიდან ირკვევა, ყველაზე გვიან – 21:00 საათზე მუშაობას ამთავრებს როგორც გლდანში, ისე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „სითი მოლები“. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები, მათ შორის „სითი მოლის“ თანამშრომლების ნაწილი წერს, რომ სახლში მისვლას ვერ მოასწრებენ.

„ჩვენ, როგორც სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას, შესწავლილი გვაქვს ჩვენი მომხმარებლის ქცევა, დათვლილია მომხმარებელთა ნაკადის მოძრაობის საათობრივი მაჩვენებელი "სითი მოლი საბურთალოსა" და "სითი მოლი გლდანისათვის". აღნიშნული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით და "სითი მოლის", როგორც ცენტრალური სავაჭრო ცენტრის, მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავაჭრო ცენტრებში ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი 18:00 დან 22:00 საათამდეა.

იქიდან გამომდინარე, რომ „სითი მოლი“, მაქსიმალურად იცავს უსაფრთხოების წესებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ხალხის გადანაწილება და ნაკადების კონტროლია, რაც კიდევ უფრო მეტად შეზღუდული სამუშაო საათების პირობებში რთული ან შეუძლებელი გახდება.

გარდა ამისა, ჩვენს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია ბრენდების ყველაზე ფართო არჩევანი, (300–მდე ბრენდი) რომელთა მუშაობის ხელის შეწყობაც მოლის ადმინისტრაციისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული გრაფიკი კი ცენტრის მოიჯარეებს ოპტიმალურად ოპერირების საშუალებას მისცემს.

"სითი მოლი" თავის მხრივ უზრუნველყოფს თავისი თანამშრომლების ღამის საათებში ტრანსპორტირებას და მოუწოდებს საკუთარ მოიჯარეებს იმგვარად გაადაანაწილოს თანამშრომელთა გრაფიკი, რომ თითოეულმა მათგანმა მოასწროს დანიშნულების ადგილას დროულად მისვლა“, - მიმართავს „სითი მოლი“ დასაქმებულებს.

20:30 საათზე ამთავრებს მუშაობას „გალერია თბილისი“, სადაც ფიქრობენ, რომ სამუშაო საათების შემცირების გამო მაღაზიებს გაყიდვები შეუმცირდებათ.

რაც შეეხება „თბილისი მოლსა“ და „ისთ ფოინთს“, ორივე მათგანი 20:00 საათზე ასრულებს მუშაობას.

როგორც bm.ge-ს „თბილისი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, გადაადგილების შეზღუდვა მათთვის განსაკუთრებულ დისკომფორტს არ წარმოადგენს და სავაჭრო ცენტრი მთავრობის ყველა რეკომენდაციას უპრობლემოდ ასრულებს.