მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო პალატა მთავრობას საზღვაო სფეროში საგადასახადო შეღავათების შემოღებისკენ მოუწოდებს

5f984281f1bd9
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.20 22:10
1269
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, იმისთვის, რათა საქართველოს საზღვაო სფეროს მიმზიდველობა გაიზარდოს, ახალი საგადასახადო შეღავათების მიღება აუცილებელია. 

საუბარია მეზღვაურთა გათავისუფლებაზე საშემოსავლო გადასახადისგან, საზღვაო სფეროში ჩართული კომპანიებისთვის კი ქონებისა და მოგების გადასახადის შეღავათების დაწესებაზე. 

კვლევაში ნათქვამია, რომ კონკურენტუნარიანი შეღავათების მინიჭების გარეშე შეუძლებელია, საქართველომ ახალი ოპერატორები მოიზიდოს. 

“სავალალო ფაქტია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ ფუნქციონირებს არც ერთი საშუალო თუ მსხვილი გემთმფლობელი, ლოჯისტიკური და სავაჭრო კომპანია. საქართველოს დროშით მცურავი გემების მესაკუთრეები (გარდა მცირე ზომის იახტებისა და საბუქსირე და სალოცმანე კატარღებისა) ძირითადად უცხოური კომპანიები არიან. 

ეს დიდი ხარვეზია, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს თითქმის არანაირ შეღავათს საზღვაო სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ამის გარეშე კი შეუძლებელია სერიოზულად ვისაუბროთ საზღვაო პოტენციალის სრულად გამოყენებაზე და საქართველოში სანაოსნო კომპანიების საქმიანობაზე. 

იმისთვის, რომ მოხდეს სანაოსნო კომპანიების (როგორც ადგილობრივ დაფუძნებული, ისე უცხოურის წარმომადგენლობის) ოპერირება საქართველოდან, აუცილებელია, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება. მაშინ, როდესაც გემების მართვა შესაძლებელია პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და არსებობს უამრავი რეგიონი შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით (მათ შორის ევროკავშირშიც), შეუძლებელია საქართველომ შესაბამისი საგადასახადო ცვლილებების გარეშე გაუწიოს კონკურენცია ვინმეს. 

აღსანიშნავია, რომ, 2010 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები, გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული იახტებისა (კატარღებისა), განთავისუფლებული იყო ქონების გადასახადისგან. დღეს მოქმედ კოდექსში ასეთი შეღავათი აღარ არის დაშვებული. გემების ღირებულების გათვალისწინებით კი, ეს სერიოზული შეღავათი და სტიმული იქნებოდა გემთმფლობელი კომპანიებისთვის. 

თუ მიზანი საქართველოში სანაოსნო ბიზნესის განვითარებაა, რის პოტენციალიც სახელმწიფოს სრულად გააჩნია, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას სხვა სახელმწიფოების წარმატებული მაგალითები, დაწესდეს საზღვაო სფეროში დასაქმებული კომპანიებისთვის შესაბამისი საგადასახადო შეღავათები ქონების და მოგების გადასახადებზე, საშემოსავლო გადასახადიდან განთავისუფლდნენ მეზღვაურები და ა.შ. მართალია, დღეის მდგომარეობით, ქართველი მეზღვაურები არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რადგან უცხოელ გემთმფლობელებთან მუშაობენ და საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაბეგვრის გამო, საქართველოში არ იბეგრებიან, ასევე ხშირ შემთხვევაში, ისინი არარეზიდენტები არიან და არ უწევთ საქართველოში გადასახადების გადახდა, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მათი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება საკანონმდებლო დონეზე იყოს დაფიქსირებული, როგორც ეს უმეტეს ევროპულ ქვეყანაშია. 

საგადასახადო კოდექში შესაბამისი ცვლილებების პროექტი სააგენტოს მიერ არის მომზადებული და ელოდება შესაბამის რეაგირებას მთავრობის მხრიდან,” - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს კვლევების სახლის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ მეზღვაურთა შრომის კოდექსის მიღების ვალდებულება საქართველომ EU-სთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე აიღო, თუმცა ამ კოდექსის დამტკიცება ამ დრომდე არ მომხდარა. 

“პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის მიერ სასწრაფოდაა მისაღები „მეზღვაურთა შრომის კოდექსი". საქმე იმაშია, რომ ასოცირების ხელშეკრულების XV-D დანართის თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება მეზღვაურთა დასაქმების, მინიმალური ასაკის დაცვის, გემზე სამუშაო პირობების მოთხოვნები მოიყვანოს ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაში, რაც, დღეის მდგომარეობით, შეესაბამება 2006 წლის შრომის საზღვაო კონვენციის (MLC 2006) სტანდარტებს. საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც ვრცელდება მეზღვაურებზეც, ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რისთვისაც მომზადდა „მეზღვაურთა შრომის კოდექსის“ კანონპროექტი. მისი მიღების შემდეგ საქართველო მოახდენს MLC-ის იმპლემენტაციას კანონმდებლობაში და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც ევროპელი გემთმფლობელებისთვის მისაღებ კვალიფიციური სამუშაო ძალის მიმწოდებელი ქვეყნის სტატუსს. ამდენად, „მეზღვაურთა შრომის კოდექსის“ დროული მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია,” - ნათქვამია სავაჭრო პალატის მიერ მომზადებულ კვლევაში.