მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალდებულო დაზღვევა ტურისტებისთვის - ჯანდაცვის მინისტრის გააქტიურებულ საკითხს სადაზღვევო ასოციაცია აფასებს

608ab0ada931d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 00:10
1140
ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა მარიამ ქვრივიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ვიზიტისას ტურისტებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ შეკითხვა დაუსვა, რაზეც ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ ვიზიტორებისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნის ნაწილში გარკვეული სირთულეები არსებობს. მათ შორისაა ტურისტების ინფიცირების შემთხვევაში სავალდებულო დაზღვევის მოქმედების საკითხი, რომლითაც ისინი მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს აანაზღაურებენ.

მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ საკითხებს გასულ წელს „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის პერიოდში საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავდნენ, თუმცა ტურისტების საზღვრის კვეთისას დაზღვევის საკითხი არ გადაწყვეტილა.

ტურისტების სავალდებულო დაზღვევის საკითხი ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო აქტუალური გახდა, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა. საზღვრების გახსნის პროცესში სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობაზე სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილიც საუბრობს. BM.GE-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია აღნიშნულ თემაზე მთავრობის წარმომადგენლებთან გასული წლის შემდეგ არ ყოფილა, 2020 წელს კი ეს საკითხი ვერ გადაიჭრა.

„გასულ წლის ზაფხულში საგარეო საქმეთა სამინიტროსთან ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, რაც ერთგვარად სტუდენტების დაზღვევაში აისახა, მაგრამ ტურისტების დაზღვევაში არ ასახულა, რადგან შემდეგ საზღვრები სრულად ჩაიკეტა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობდა, რომ სავალდებულო დაზღვევას ვერ გააკეთებდა, რადგან ტურისტებს შესაძლოა თავად ჰქონოდათ დაზღვევები. ამ შემთხვევაში რისკი სახელმწიფოს მხარეს იყო. ქვეყანაში ტურისტის შემოსვლისას, მას რაღაც სახის დაზღვევა აქვს, ვერავინ შეამოწმებს იმას რა იფარება და რა არა, ამიტომ თუ მას განუვითარდება კოვიდი, სახელმწიფო ვერ მიატოვებს მას, უნდა წაიყვანოს და სახელმწიფოს ხარჯზე უმკურნალოს. ამის რეალური გადაწყვეტაა და ყველას ინტერესშია, რომ ყველა შემომსვლელს რეალური კოვიდ-დაფარვა ჰქონდეს. ამის მიღწევა მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების მიერ სადაზღვევო პაკეტების შექმნითაა შესაძლებელი. ქვეყანაში მოქმედი დაზღვევის გარეშე არავინ უნდა შემოვიდეს. ტურისტების დიდ ნაწილში, რომელიც ჩვენთან ჩამოდის ამის ორგანიზება რთულია, თუ არ იქნება სავალდებულოობის მექანიზმი.

მაშინ ეს განხილვები გაჩერდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა, თქვა რომ ეს არ არის კარგი და კარგი ქვეყნიდან აქ არავინ ჩამოვა. თუმცა, არც ერთ ქვეყანაში საკითხს ასე არავინ უყურებს, ამას ქვეყნის ბიუჯეტის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ.

ამ ეტაპზე არანაირი კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან არ არის. ვფიქრობ, დღეს ტურიზმის ჯერ არ ამოქმედებულა და რეალურად პანდემიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით“, - განაცხადა დევი ხეჩანაშვილმა.

მისი განმარტებით, დღეს მსოფლიოში მოგზაურობასთან მიმართებაში გარკვეული სიცხადე უკვე არსებობს და სავალდებულო დაზღვევის მექანიზმებს რამდენიმე ტურისტული მიმართულება აქტიურად იყენებს.

„ამ კუთხით დღეს უკვე გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, იგივე დუბაიში სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ტურისტული ნაკადები ნაწილობრივ მაინც აღდგეს, ეს უნდა იყოს სავალდებულო. არავის გაუკვირდება თუ ადგილზე შექმნი ამგვარ პროდუქტს. რაც უფრო მეტ გამონაკლისს გააკეთებ სავალდებულო დაზღვევის წესის ნაწილში, მით უფრო ბევრი პრობლემა შეექმნება ტურისტებს ავადობის შემთხვევაში, კლინიკას, შემდეგ ბიუჯეტს და მთელ საზოგადოებას“, - განმარტა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

დევი ხეჩინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სადაზღვევო პაკეტების დეტალებზე საუბარი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კოვიდის მკურნალობას, საკარანტინე სივრცეების ხარჯები ტურისტების ჯგუფში კოვიდის დადგენის შემთხვევაში და ა.შ., ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად პროდუქტის ღირებულებაც არ არის განსაზღვრული.