მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო იპოთეკაზე ახალი რეგულაცია ჩვენს გაყიდვებს 10-15%-ით შეამცირებს - "სიმეტრია"

61b35b6821eaa
მარიამ ვარადაშვილი
11.12.21 23:00
925
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.

დეველოპერული კომპანია "სიმეტრიას" დირექტორი ტარიელ გაბუნია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემას იმ კომპანიებს შეუქმნის, რომელთა უძრავი ქონებაც 200 ათას ლარზე მეტი ღირს. მეტიც, ვარაუდობს, რომ მისი კომპანიის შემთხვევაში, გაყიდვები 10-15%-ით შემცირდება, თუმცა ეს რამდენიმე თვის შემდეგ, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აისახება.

“ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვერ შევაფასებ, რადგან პირდაპირ იმოქმედებს სესხების ხელმისაწვდომობაზე. როგორც იცით, 200,000 ლარამდე სავალუტო იპოთეკური სესხების გაცემა ისედაც შეზღუდულია. მაგალითად, ჩემი ერთი პროექტის სეგმენტი ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც 200,000 ლარზე მეტი ღირებულების ქონებას იძენენ, შესაბამისად, მათი იპოთეკური სესხიც უფრო მაღალია. ამ შემთხვევაში ცხადია, ყველა ირჩევდა სავალუტო იპოთეკურ სესხებს საპროცენტო განაკვეთის სიმცირიდან გამომდინარე. ეს ცვლილება ამ სეგმენტს პირდაპირ შეეხება, რადგან ვადის დაწევა ყოველთვიური გადასახადის ზრდას ნიშნავს. ეს პირდაპირ გამოიწვევს იმას, რომ ამ ნაწილში შემცირდება მომხმარებლის რაოდენობა.

ზოგს თუ აქამდე საკუთარი შემოსავლიდან გამომდინარე შეეძლო შეეძინა ეს პროდუქტი, ალბათ გაუჭირდება სავალუტო იპოთეკური სესხის აღება, ყოველთვიური საგადასახადო წნეხიდან გამომდინარე. ეკონომსეგმენტში ვინც არიან ანუ მათი უძრავი ქონება 200 ათას ლარამდე მერყეობს, მათ შემთხვევაში მომხმარებელს სესხის აღება ისედაც ლარში უწევდა”, - ამბობს გაბუნია.

ტარიელ გაბუნიას თქმითვე, სავალუტო იპოთეკური სესხების რაოდენობა ისედაც ძალიან მცირეა ლარში გაცემულ სესხებთან შედარებით, თუმცა ღირებულებით თითქმის 50/50 ნაწილდება, რადგან ლარში შედარებით მცირე ზომის სესხებია გაცემული.

2021 წლის 10 თვეში 10 წელზე მეტი ვადიანობის სულ 18,359 იპოთეკური სესხი გაიცა. აქედან 14,217 ლარის იპოთეკები იყო, 4,142 კი - დოლარის და ევროს იპოთეკური კრედიტები. შესაბამისად, რაოდენობრივად ლარის იპოთეკები 10 წელზე ხანგრძლივ სეგმენტში სავალუტო იპოთეკებს რამდენჯერმე აჭარბებს. ამ სესხების მთლიანი ღირებულება 2.22 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის დოლარის და ევროს კრედიტების მოცულობა 1.18 მილიარდი, ლარის იპოთეკების მოცულობა კი 1.05 მილიარდი ლარი იყო.

რაც შეეხება განაკვეთს, დღეს ლარის იპოთეკის განაკვეთია 11.9%, ხოლო დოლარში განაკვეთი ორჯერ დაბალია და 6.1%-ს შეადგენს, ევროში კი 4.6%-ს. შესაბამისად, მოქალაქეებს ამ კრედიტების პროცენტი გაცილებით უფრო იაფი უჯდებათ ვიდრე ლარის სესხების პროცენტის მომსახურება.

“ჩვენი კომპანიიდან გამომდინარე, თუნდაც ერთ-ერთი პროექტი “სიმეტრია პარკი” რომ ავიღოთ, ვფიქრობთ, საკმაოდ ნეგატიურად აისახება. ზოგადად, გასაგებია სებ-ის პოზიცია, იმ რისკებს აზღვევენ რაც შეიძლება ცოტა მაღალი ღირებულების სესხების შემთხვევაში მოხდეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შედარებით მსუბუქად უნდა მოხდეს ეს არ უნდა იყოს ამხელა წნეხი რეგულაციებითა და ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო შეზღუდვით. ცხადია, გარკვეული რისკები დაზღვეული უნდა იყოს, თუმცა არა ასეთი მკაცრი რეგულაციების საშუალებით”, - ამბობს გაბუნია.