მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ჯიხურები იხურება - ფულს ბანკებსა და მისო-ებში გადაცვლით

5e82fc0ed2504
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 12:31
4782
დღეიდან საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის გამო, ე.წ. "კომენდანტის საათი" და "მკაცრი კარანტინის" ნორმები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამის გამო ქვეყნაში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოხდება, რაც პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მეშვიდე მუხლში არის განსაზღვრული. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით დღეს დამატებითი განმარტება გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც საკუთარ განცხადებაში მიუთითებს, რომ სხვა ობიექტებთან ერთად შეზღუდვა მოქმედებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზეც, რომელთა საქმიანობაც დროებით ჩერდება. ფულის კონვერტაცია კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როგორც ფიზიკურ ფილიალებში, ასევე ინტერნეტ ბანკინგით იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის განცხადება

“ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში).

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@nbg.ge,”- ნათქვამია განცხადებაში.