მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავარაუდოდ, ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამაში ვეღარ ჩავერთვებით“ - კულა

6040da5c84bef
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 22:00
934
ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ ბიზნესების დიდი ჯგუფი ინფორმირების გარეშე დარჩა, ან დაუგვიანდათ დარეგისტრირება, შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე - აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 4 თებერვალს მთავრობის სხდომის შემდეგ, BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მთავრობის მიერ კვების მრეწველობისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ღირებულების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დაპირებული სუბსიდიით სარგებლობისთვის კომპანიებს რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე 27 იანვრამდე უნდა გაევლოთ, მაგრამ უმრავლესობამ ამის შესახებ გვიან ან საერთოდ ვერ შეიტყო და პროგრამის მიღმა დარჩა.

BM.GE-სთან საუბრისას საკონსერვო საწარმო „კულას“ დამფუძნებელი ივანე გოგლიძე ამბობს, რომ მინისტრის განცხადების შემდეგ არაფერი შეცვლილა და კომუნიკაცია უწყებასთან არ ჰქონიათ.

„არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. არავის არაფერი შეუტყობინებია. გვითხრეს რომ სიახლეებს გაგვაგებინებდნენ, მაგრამ რადგან არ შეგვეხმიანენ, სავარაუდოდ პროგრამაში ჩართვას ვეღარ შევძლებთ“, - ამბობს მეწარმე.

ივანე გოგლიძის ინფორმაციით, პროგრამის მიღმა ძალიან ბევრი საწარმო დარჩა. მისი თქმით, გაძირებული ენერგოტარიფები მათ წარმოებაზე უარყოფითად აისახება, თუმცა კომპანია მაისამდე პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას შეძლებს.

„თუ ასე გაგრძელდა გაძვირებული კომუნალური ხარჯები ჩვენს წარმოებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ხარჯები მინიმუმ 3-4%-ით გაიზრდება. ჯერ იანვრის გადასახადი მოგვივიდა, ამ პერიოდში საწარმო, ახალი წლების გამო, სრული დატვირთვით არ მუშაობდა. დაახლოებით მარტის ბოლოს გვეცოდენიბა ზუსტად რამდენით ზრდის გაძვირებული დენის ტარიფი ხარჯებს.

პროდუქციის ფასებზე ეს, ალბათ, მაისიდან აისახება, როდესაც ახალი სეზონი მოვა და გადამუშავების პროცესი უფრო აქტიური გახდება. მანამდე ფასებს შევინარჩუნებთ, რადგან ვთვლით, რომ უნამუსობა იქნება ამ მძიმე მდგომარეობაში პროდუქტის გაძვირება. პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას შიდა რესურსების ხარჯზე შევძლებთ, თუმცა მაისში როდესაც საწარმო დატვირთვა გაიზრდება, შესაბამისად ხარჯებიც გაიზრდება და ეს ფასზეც აისახება“, - განმარტა ივანე გოგლიძემ.

ცნობისთვის, 2021 წლიდან ელექტროენერგიის ფასი 1 კვტ საათზე კომერციული სექტორისთვის 11-13 თეთრით გაიზარდა. მთავრობამ გადაწყვიტა, ნაზარდი ტარიფის 50% საწარმოების ნაწილს დაუსუბსიდიროს, რათა სურსათი არ გაძვირდეს. შეღავათი ეხებათ სწორედ იმ კომპანიებს, რომლებიც სურსათს აწარმოებენ. სუბსიდიის მისაღებად კომპანიებს რეგისტრაცია 27 იანვარამდე უნდა გაევლოთ, თუმცა, ეს დაახლოებით 400-მა კომპანიამ მოახერხა, დანარჩენებს ეს ან გამორჩათ, ან ვერ მოასწრეს.

შეძლებენ თუ არა პროგრამის გარეთ დარჩენილი კომპანიები სუბსიდირების მიღებას სახელმწიფოს მხრიდან - ამ კითხვით BM.GE-იმ ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა და პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.