13.ივლისი .2020 23:30

სავარაუდოდ, ეს იდეა, დარგში გაუცნობიერებელი ადამიანის თავში დაიბადა – ენერგეტიკოსი

views 522
უკან

"სავარაუდოდ, ეს იდეა სექტორში გაუთვითცნობიერებელი ადამიანის თავში დაიბადა" - ასე აფასებს Bm.ge -სთან საუბარში ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სემეკმა შესაძლოა, კომპანიებს 5%-ზე უფრო მეტი აქციების გასხვისება აუკრძალოს. ენერტიკოსი ფიქრობს, რომ ავტორები სავარაუდოდ, სექტორზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ცდილობენ, თუმცა ელექტროენერგიის განაწილება-მიწოდების დარგში ამის გაკეთება უადგილოა.

“აქ სისტემის კონტროლის მექანიზმები საკმაოდ მცირეა, იმ შემთხვევის გარდა თუ კომერციული კომპონენტის და გენერაციის ობიექტების კონტრაქტების კონტროლი არაა მიზანი. სავარაუდოდ ეს იდეა, სექტორში გაუთვითცნობიერებელი ადამიანის თავში დაიბადა”, - აცხადებს მამათელაშვილი.

მისივე თქმით, დღეს სისტემის ტექნიკური კონტროლი და სექტორის მართვა საკმაოდ კარგად ხორციელდება გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ოპერატორების მიერ (უკვე 15 წელია) და რეგულაციები ამ მიმართულებით დამატებით ეფექტს არ მოიტანს.

ამასთან, მამათელაშვილის განმარტებით, ევროგაერთიანება Energy Community-სთან და DCFTA-თ აღებული ვალდებულებების მიხედვით, საქართველო 2021 წლის დასრულებამდე უნდა გადავიდეს ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მოდელზე და ეს რეგულაცია, როგორც საერთოდ ყოველი ზედმეტი მარეგულირებელი ტვირთი, ხელს შეუშლის ბაზრის განვითარებას.

ხოლო Bm.ge-ის კითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტები უცხოეთში, მამათელაშვილი ასე გვპასუხობს:

“რაც შეეხება უცხოეთს, გააჩნია სექტორის სტრუქტურას და იქაურ ენერგოპოლიტიკას. თავისუფალი ენერგო-ბაზრის მქონე ქვეყნებში ასეთი შემთხვევები არ გვხვდება (შეიძლება არის გამონაკლისები და მე არ ვიცი). ელექტროენერგიის სექტორში მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხების გასაკონტროლებლად სრულიად საკმარისია გადაცემის და დისპეჩერიზაციის კონტროლი. განაწილება ისედაც რეგულირებადია და ტექნიკური კუთხით დამოკიდებულია გადაცემა-დისპეტჩერიზაცის ქმედებაზე. გარდა ამისა, აქ არ არიან ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომ მათი აქციების და უფლებების დაცვაზე იყოს საუბარი. იმიტომ არის სექტორი ასე დაყოფილი, ენერგეტიკული პოლიტიკის შესაბამისად, რომ მოხდეს ინვესტიციების და განვითარების წახალისება. ეს ზღუდავს საკუთრების უფლებების რეალიზაციას და მას უკუშედეგი ექნება”,-აცხადებს მამათელაშვილი.

შეგახსენებთ, სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის წინასწარი შეფასების და გარიგების შეჩერების უფლება მიეცემა. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარამიანიას განცხადებით, ეს ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, რადგან ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ მცირე ოპერატორებს უახლოეს პერიოდში საკუთარი წილების მსხვილ კომპანიებზე გაყიდვა აქვთ დაგეგმილი.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებითვე, ამ ცვლილების მიღება აუცილებელია, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ცვლილებამ მომხმარებელთა ინტერესები არ დააზიანოს. დამაზიანებელი შედეგის მაგალითად კი, სემეკის თავმჯდომარე წინა ხელისუფლების დროს "ყაზტრანსგაზის" მესაკუთრის ცვლილებას ასახელებს.

“ჩვენ შევაფასებთ 5%-ის ან მეტი წილის შემძენს რამდენად ექნება შესაძლებლობა შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, შევაფასებთ თუ რა გავლენა ექნება ახალი მესაკუთრის შემოსვლას მომსახურების გაუმჯობესებაზე ან რაიმე სახის გავლენას ხომ არ იქონიებს სერვისის ხარისხზე, ტარიფებზე და ასე შემდეგ. არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ამ სისტემაზე.

ამის მაგალითად, ვთქვათ, მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე, არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა, თუმცა ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა; ეს კანონპროექტი კი, იქნება იმისთვის, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა