მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სავარაუდოდ ფქვილის სუბსიდირების თანხის კორექტირება მოხდება” - მეხორბლეთა ასოციაცია

6054deffe93af
ანუკა ჯოხაძე
19.03.21 23:00
811
ფქვილის სუბსიდირება შესაძლოა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს. აპრილსა და მაისში ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებაზე დადებით პასუხთან ერთად მწარმოებლები სუბსიდიის მოცულობის შესაძლო გაზრდასაც აანონსებენ.

აქამდე არსებული პროგრამით, რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე საქართველოს მთავრობა პურ-პროდუქტების წარმოებისთვის სუბსიდიის სახით ერთ ტომარაზე 15 ლარით იხდიდა. თუმცა როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, ქვეყნის შიდა ბაზარზე ორი საკითხი დგას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ფქვილის თვითღირებულებაზე. გაძვირდა ელექტროენეგია და 1 იანვრიდან ამოქმედდა დღგ-ს გადახდის ახალი წესი, რითაც სუბსიდირების თანხა დაიბეგრა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ბიზნესიც სუბსიდიის მოცულობის ზრდას არ გამორიცხავს.

“აქამდე არ მოქმედებდა სუბსიდირების ახალი წესი და სუბსიდირების მთლიანი თანხა ეფექტურად მიერმართებოდა სუბსიდიის ბენეფიციარისკენ. ახალი წლიდან სუბსიდიის თანხაც იბეგრება უკვე დღგ-თი, შესაბამისად, თუ ავიღებთ 10-ლარიან სუბსიდირებას, რომელიც იყო დეკემბერში, მაშინ როცა პროგრამა დაიწყო, ეფექტური იყო ეს თანხა. თუმცა თუ შემდგომ პერიოდს ავიღებთ, როცა სუბსიდირების თანხა იყო 15 ლარი, აქ უკვე ეფექტური თანხა იყო უფრო ნაკლებია. 15 ლარის დღგ ეს არის 2,7 ლარი, ამას ემატება ელექტროენერგიის გაძვირების ეფექტის გამო 1,50 ლარი. შესაბამისად ეფექტური თანხა დარჩა 11 ლარი.

შესაბამისად, დღეს, სავარაუდოდ სუბსიდირების თანხა დაკორექტირდება, რათა ეფექტური თანხა 15 ლარის ფარგლებში იყოს. ეს კი იმიტომ რომ ფასები არ დაწეულა არც ხორბალზე და არც ფქვილზე; სამიზნე ფასი მეპურეების მიერ მოთხოვნილი წისქვილ-კომბინატებიდან ისევ 53 ლარია, იმისთვის რომ პური არ გაძვირდეს", - ამბობს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

ცნობისთვის, პროგრამა, რომელსაც პურის ე.წ სოციალური ფასი უნდა შეენარჩუნებინა 1 დეკემბერს 4 თვით 31 მარტამდე ამოქმედდა, თუმცა უკვე აქტიურად განიხილება პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობა. კონკრეტულად ამჯერად საუბარია არა ოთხი, არამედ ორი თვით - აპრილსა და მაისში ფქვილის სუბსიდირებაზე. კონკრეტული პასუხი ბაზრის მოთამაშეებს სამინისტოროსგან ჯერ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ თუ პროგრამა არ გაგრძელდება ბაზარზე პურის ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება.