მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავარაუდოდ, რაკეტა უკრაინელებმა გაისროლეს, თუმცა ეს რუსეთის ბრალია - სტოლტენბერგი

6374de7d963d5
გიორგი თოლორდავა
16.11.22 17:02
879
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლონეთის სოფელში ჩამოვარდნილი რაკეტა, დიდი ალბათობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაისროლეს რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და ამ ყველაფერში დამნაშავე თავად რუსეთია, რომელმაც ეს ომი წამოიწყო.

"არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ეს პოლონეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა იყო, შესაბამისად, ეს შემთხვევითი ინციდენტი არ წარმოადგენს NATO-ს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო თავდასხმას.

დიდი ალბათობით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინელებმა გაისროლეს რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად. მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ინციდენტი არ არის უკრაინის ბრალი და სრული პასუხისმგებლობა მოდის რუსეთზე, რომელმაც ეს ომი დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის პოზიციას იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც.

როგორც ჩანს, 15 ნოემბრის საღამოს უკრაინის საზღვრიდან 6.4 კილომეტრით დაშორებულ პოლონურ რეგიონ დოლხობიჩუვში ჩამოვარდნილი რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უკრაინის თავდაცვითი ძალების მიერ იყო გასროლილი რუსული შემტევი რაკეტის მოსაგერიებლად, თუმცა ფრენის პროცესში მან ტრაექტორია იცვალა და შემთხვევით მეზობელ სახელმწიფოში ჩავარდა.

ოფიციალური პოლონეთი აცხადებს, რომ საფუძვლიანი გამოძიება დაწყებულია, თუმცა წინასწარი დაკვირვება იმაზე მიუთითებს, რომ რაკეტა პოლონეთის ერთ-ერთი სოფელში არა მიზანმიმართულად, არამედ შემთხვევით ჩამოვარდა.

"რაც მოხდა, ეს იყო ერთი კონკრეტული ინციდენტი, არავითარი საფუძვლიანი რისკი არ ჩანს იმისა, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალშიც განმეორდეს. ამ ეტაპზე მეტის თქმა რთულია, გამოძიება დაწყებულია.

NATO, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზადაა, ჩვენი თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს საჰაერო ძალებს მოკავშირეების თვითმფრინავებიც შემოუერთდებიან. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ჩვენ მშვიდად და გაწონასწორებულად ვიმოქმედებთ", - განაცხადა დუდამ.

საგულისხმოა, რომ ოფიციალური მოსკოვი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთში რაკეტა რუსულ სამხედრო ძალებს არ ჩამოუგდიათ და აღნიშნული მოვლენა მიზანმიმართული პროპაგანდისა და პროვოკაციის კამპანიის ნაწილია, რომელიც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად.