მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოების ნაწილს 2025 წლამდე "ნარჩენების მართვის კოდექსის" რამდენიმე მოთხოვნა აღარ შეეხება

5dc2ea4723662
დავით ჯალაღონია
07.11.19 10:30
1617
"ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული მოთხოვნები, საწარმოების ერთი ნაწილისთვის 2025 წლამდე გადავადდება.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, კომპანიებს, რომლებსაც საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 120 კილოგრამზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი, ან 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი წარმოექმნებათ, 2025 წლამდე გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნა, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა, ასევე, აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება არ მოუწევთ. შესაბამისად, ამ მუხლების დარღვევის გამო, 200-დან 500 ლარამდე საჯარიმო სანქციები იმ კომპანიებს არ დაეკისრებათ, რომელთა ნარჩენების მოცულობა კანონპროექტით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოექცევა.

"კომპანიები, რომლებსაც საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოექმნებათ 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი ან 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ჯერ კიდევ არ არიან მზად სრულად განახორციელონ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, როგორიცაა კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნა, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა, აღრიცხვა და ანგარიშგების წარმოება", – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შემოდის, რომელიც კერძო სექტორს ავალდებულებს საკუთარ ნარჩენზე თავად იზრუნოს - შეაგროვოს, დაამუშაოს ის. შესაბამისი ცვლილებები "ნარჩენების მართვის კოდექსშია" შესული, რომელიც წესით 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონქვემდებარე აქტები უნდა დაამტკიცოს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვინ, რას და როგორ აკეთებს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ამ ეტაპზე სპეციფიკურ ნარჩენებს ეხება, ისეთებს, როგორებიცაა: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

ჩამოთვლილი სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებას სპეციალური ორგანიზაციები - ე.წ. პიაროები უზრუნველყოფენ. ეს იქნება თავად ბიზნესის მიერ შექმნილი ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულ სპეციფიკურ ნარჩენს შეაგროვებენ, მაგალითად ცალკე საბურავებს ან შესაფუთ მასალებს. შეგროვილ ნარჩენებს კი ან ადგილზე გადაამუშავებენ ან ექსპორტზე გაუშვებენ რეციკლირებისთვის. პიაროები ავტორიზაციას გარემოს დაცვის სამინისტროში მომავალი წლის სექტემბრამდე გაივლიან.