მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საწარმოებს, რომლებსაც GMP-ის დანერგვა დაწყებული აქვთ, ინდივიდუალური გრაფიკი უნდა მიეცეთ“

608ad3be88b17
თათია ჩაფიჩაძე
29.04.21 19:34
774
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ GMP და GDP სტანდარტის დანერგავსთან ერთად, ის მედიკამენტების ხარისხის კონტროლს შეუწყობს ხელს.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული 78 საწარმოდან GMP სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა 10-მდე კომპანიას აქვს დაწყებული და სამინისტრომ მათთვის ინდივიდუალური გრაფიკი უნდა აამოქმედოს.

“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, უსაფრთხო დისტრიბუციის ნაწილში, კომპანიების დიდი რაოდენობა მზად არის, რომ მოხდეს GDP სტანდარტზე გადასვლა, რაც შეეხება GMP სტანდარტს - ანუ კარგი წარმოების პრაქტიკას - ეს ეხება ადგილობრივ წარმოებას, აქ საქმე ცოტა განსხვავებულად არის, იმიტომ რომ გაცილებით მეტი დანახარჯი სჭირდება მის დანერგვას.

ახალ სტანდარტებზე გადასვლის გადავადება არ უნდა მოხდეს იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც ამისი პერსპექტივა არ აქვთ, რადგან არის საწრმოები, რომლებიც მოძველდა, მაგრამ იმ საწარმოებს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ჩადებული აქვთ ინვესტიციები, ისინი ნელ-ნელა უნდა გადავიდნენ ახალ სტანდარტზე და ამისთვის საჭიროა, ინდივიდუალური გრაფიკი. 78-დან ასეთი დაახლოებით არის 10-მდე საწარმო, შესაბამისად მე ვვარაუდობ, რომ მათ მიეცემათ და უნდა მიეცეთ კონკრეტული ვადა”,- აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, ახალ სტანდარტებზე გადასვლის ხარჯები ძალიან დიდია და ასიათასობით და მილიონობით ლარზეა საუბარი.

“ვერ ვიტყოდი, რომ ამის გამო ფასების ზრდას უნდა ველოდოთ, იმპლემენტაცია უნდა მოხდეს სწორი გეგმით, ამ შემთხვევაში ფასები არ გაიზრდება და იქნება უფრო ჯანსაღი კონკურენცია“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მარგველაშვილმა.