მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასი იმ კრიტიკულ ზღვარზეა, რომ მცურავი აქციზის შემოღების საჭიროება ჩანს - "სენტა"

60f2ab5511d88
ელენე გოგბერაშვილი
17.07.21 17:23
1165
ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ღირებულება დიდი ხანია უკვე გასცდა 3 ლარიან ნიშნულს. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა და აქამდე ნავთობპროდუქტებზე ფასი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

რომ არა ბოლო პერიოდში ლარის დასტაბილურება, „სენტას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციების გავლენით დღეს საწვავი საცალო ქსელებში უფრო ძვირი ეღირებოდა.



იქიდან გამომდინარე, რომ საწვავზე ფასის ზრდა შეუქცევადია და ნავთობპროდუქტების ღირებულება უკვე გასცდა კრიტიკულ ზღვარს, ახლა ბიზნესი ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად გამოსავალს მცურავი აქციზის შემოღებაში ხედავს, რა დროსაც აქციზის განაკვეთის არა ფიქსირება, არამედ ზღვრული ოდენობით შემოღება ხდება იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების გავლენით საწვავის ფასი დაჭერა მოხერხდეს.

„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ფასები იყოს მეტნაკლებად ერთნაირ ნიშნულზე. ეს სტაბილურობის შეგრძნება დადებითი მოვლენა იქნება მომხმარებლებისთვისაც და ეკონომიკისთვისაც. ვფიქრობ, საწვავის ფასი ისეთ კრიტიკულ ნიშნულზეა, რომ მცურავი აქციზის მოდელის საჭიროება ჩანს. არავისთვის სასიამოვნოა არაა, მათ შორის არც ხელისუფლებისთვის, როცა კრიტიკულ ზღვარზეა საწვავის ფასი. საბოლოო ჯამში ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება. ფასების მუდმივი ზრდა ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანია, ამ დროს კი არის ეს(მცურავი აქციზის) შესაძლებლობა, თანაც ბიუჯეტი არცთუ ისე დაზარალდება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასის არსებობის დროს აქციზი იყოს შემცირებული, ხოლო თუ ფასი შემცირდა, მაშინ აქციზი გაიზრდება და ამ შემთხვევაში ბიუჯეტიც თანაბარ თანხებს მიიღებს და ფასიც სტაბილური იქნება“-აცხადებს ზაალ იაკობიძე.

მისი აზრით, ნიშნული, რა დროსაც მცურავი აქციზის მექანიზმი უნდა ჩაირთოს საწვავის ღირებულების 2 ლარიანი ნიშნული უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასების ზრდის შესაჩერებლად აქციზის მექანიზმის შემოღების იდეა აქვს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირსაც. როგორც მისი ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ მთავრობასთან კვალიფიციური წინადადების დაყენებას გეგმავენ.