მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ფასი ისტორიულ რეკორდს ხსნის - "ეს არის ფასი, რასაც ომის გამო ვიხდით"

62274e6d176d7
ელენე გოგბერაშვილი
08.03.22 18:45
4515
რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება. 2008 წლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, ნავთობის ღირებულებამ 120 დოლარს გადააჭარბა. იზრდება ნავთობპროდუქტების ღირებულებაც; ბოლო პერიოდში ტონა დიზელი 50%-ით, ბენზინი კი 30%-ით არის გაძვირებული.

ფასები საწვავზე იზრდება საქართველოშიც. ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება.

ბრენდირებულ ქსელებში საწვავის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება:

რეგულარი -(3.22-339 ლარი);
სუპერი- (3.39-3.49 ლარი);
პრემიუმი-(3.31-3.45 ლარი);
დიზელი-(3.15-3.37 ლარი);

„ნავთობის ფასები მიმდინარე ეტაპზე იტორიულად მაღალ მაჩვენებელზეა, ამის პარალელურად გაზრდილია საერთაშორისო ფასები ბენზინსა და დიზელზე. პლატცის მიხედვით, მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია ტონაზე თითქმის 400 დოლარით, ეს არის 50%-იანი ზრდა. ბენზინის საწვავის შემთხვევაში ერთ ტონაზე ფასი გაზრდილია სადღაც 255 დოლარით, ეს არის 30%-იანი მატება ანუ ეს არის კატასტროფულად გაზრდილი ფასები. ისტორიაში არასდროს ყოფილა დროის ასეთ მცირე ინტერვალში ასეთი მასშტაბური ზრდა. მეორე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი, რაც საწვავის ფასზე პირდაპირ მოქმედებს, ეს არის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით. ვხედავთ, რომ იგივე პერიოდში ლარი დოლართან მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რომელიც კიდევ დამატებითი უარყოფითი ფაქტორია საწვავის ფასთან მიმართებით.

ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ სადგურებს უწევთ ფასების მატება. დღეს არაბრენდირებულებზე ფასი უფრო მაღალია, რადგან მათ მარაგები არ გააჩნიათ. მსგავსი ვითარებაა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს არის ომის დამსახურება. რა თქმა უნდა, მოლოდინებიც არ გვაქვს ოპტიმისტური, რადგან ფასების ზრდა გაგრძელდება, თუმცა სადამდე, ამას ვერცერთი ცნობილი ექსპერტი ვერ იტყვის. პროგნოზი არ არის დამაიმედებელი“, - აცხადებს ნავთობიმპორტიორთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება უკვე უახლოვდება 3,50-ლარიან ნიშნულს.

"სამწუხაროდ, არანაირი დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება საწვავის ფასთან დაკავშირებით არ შეიძლება. ჯერჯერობით, არ ჩანს ამ პროცესის დასასრული. ომი გრძელდება, ასევე რუსულ ნავთობთან დაკავშირებით კეთდება განცხადება, რომ შესაძლოა, სანქციების ქვეშ მოხვდეს, ეს პროცესი იწვევს იმას, რომ ნავთობის ფასის ზრდის შეჩერება ვერ ხდება.

იყო გათვლები, რომ ტონა საწვავის ღირებულება 130-150 დოლარის ფარგლებში იქნებოდა, თუმაც ეს დამოკიდებულია ომის ხანგრძლივობაზე და რამდენად შეიზღუდება ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან. ეს არის საფასური, რასაც ომის გამო ვიხდით“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

აღსანიშნია, რომ საუდის არაბეთის შემდეგ რუსეთი მსოფლიოში ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. 2020 წელს, მან 72.6 მილიარდი დოლარის ნავთობი გაყიდა.

რუსეთი საწვავის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია საქართველოსთვისაც. გასული წლის მდგომარეობით, თურქმენეთის შემდეგ საქართველომ მთლიანი იმპორტის 19,3% სწორედ რუსეთისგან იყიდა.

საწვავის იმპორტი საქართველოში (2021 წელი):

თურქმენეთი - 244 601 ტონა - (21,3%)
რუსეთი - 221 181 ტონა - (19,3%)
აზერბაიჯანი - 215 872 ტონა
რუმინეთი - 204 638 ტონა
ბულგარეთი - 167 708 ტონა
საბერძნეთი - 37 223 ტონა
თურქეთი - 33 021 ტონა
იტალია - 14 948 ტონა
ყაზახეთი - 2 824 ტონა.

რა ნიშნულზე იქნება ნავთობის ფასი მსოფლიოში, ამის პროგნოზირებას სპეციალისტები ვერ აკეთებენ. თუ დასავლეთი რუსულ ნავთობზე უარს იტყვის, ოკუპანტი სახელმწიფო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გლობალური ემბარგოს ფონზე, შესაძლოა, ნავთობის ღირებულებამ 300 დოლარს გადააჭარბოს.