მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საწვავის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა... რეგულარის ფასიც 3 ლარს მიუახლოვდა“ - არის თუ არა გამოსავალი მცურავი აქციზი?

60eefcfa116ae
ელენე გოგბერაშვილი
14.07.21 22:00
2330
ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ღირებულება დიდი ხანია უკვე გასცდა 3 ლარიან ნიშნულს. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა და აქამდე ნავთობპროდუქტებზე ფასი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

რომ არა ბოლო პერიოდში ლარის დასტაბილურება, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციების გავლენით დღეს საწვავი საცალო ქსელებში უფრო ძვირი ეღირებოდა.

ოპტიმისტური არათუ რეალობა, სამწუხაროდ მოლოდინებიც არ არის. გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულის ეფექტის გათვალისწინებით, ნავთობიმპორტიორებს, სავარაუდოდ საწვავზე ფასის ზრდა ისევ მოუწევთ.

“საწვავის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული ვითარებაა. მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება რეკორდულად, ისტორიულად ყველაზე მაღალი ფასები. კერძოდ, 3-ლარიან ნიშნულს არცერთი კატეგორიის პროდუქტი არ გადაცდენილა. ჩვენ ვხედავთ, რომ "პრემიუმი", "სუპერი" დიდი ხანია გადასცდა ამ ნიშნულს და "რეგულარი" თითქმის 3 ლარის ზღვართან არის მისული.

ვითარება არის საკმაოდ რთული, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ფასები პლატცის მიხედვით ბოლო პერიოდში არის მუდმივად მზარდი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ფასებია. ბენზინზე საერთაშორისო ფასი პლატცის მიხედვით, ტონაზე 70-80 დოლარით არის მომატებული მხოლოდ ერთ თვეში.

ერთადერთი პოზიტიური ისაა, რომ ლარი მყარდება, რადგან ფაქტობრივად მან დააკომპენსირა გაზრდილი საერთაშორისო ფასი. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დააკომპენსირა, რადგან ვხედავთ, რომ საშუალოდ 5-10 თეთრით ფასი გაიზარდა. მოლოდინებიც ვერ იქნება ოპტიმისტური, რადგან საერთაშორისო ფასი არის მზარდი და გარდა ამისა ზოგადად ზაფხულის პერიოდში საერთაშორისო ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. არის ასევე ლოჯისტიკის საკითხები, გარკვეული ტიპის პროდუქციის მოწოდება შეზღუდულია რუმინეთიდან, თურქმენეთიდან. ალბათ რთული იქნება კომპანიებისთვის სტაბილურობის შენარჩუნება, შესაბამისად სამწუხაროდ მოუწევთ რიგ ოპერატორებს ფასების მატება“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

იქიდან გამომდინარე, რომ საწვავზე ფასის ზრდა შეუქცევადია და ნავთობპროდუქტების ღირებულება უკვე გასცდა კრიტიკულ ზღვარს, ახლა ბიზნესი ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად გამოსავალს მცურავი აქციზის შემოღებაში ხედავს, რა დროსაც აქციზის განაკვეთის არა ფიქსირება, არამედ ზღვრული ოდენობით შემოღება ხდება იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების გავლენით საწვავის ფასის დაჭერა მოხერხდეს.

„ალბათ უნდა იყოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საწვავის ფასი მიაღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, რომლის იქითაც ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები მკვეთრად გართულდება, რადგან გაზრდილი ფასი პირდაპირ მოქმედებს ინფლაციურ პროცესებზე. ამ პირობებში შესაძლებელია შემოღებულ იქნას მცურავი აქციზის საკითხი და სხვათაშორის ეს არის გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით არის აპრობირებული. ამ დროს ხდება აქციზური გადასახადის არა ფიქსირება, არამედ ზღვრული ოდენობით შემცირება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საწვავის ფასი იმ ნიშნულზე მაღლა არ წავიდეს. შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო ფასი ჩამოდის ქვემოთ, აქციზის გადასახადი თავის ნიშნულს უბრუნდება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც საწვავის ფასი ასეთ კრიტიკულ ზღვარზეა და დაუგეგმავი ზრდა შეიძლება გაგრძელდეს და დავდგეთ იმის წინაშე, რომ საწვავის ფასი იზრდება, ამ დროს ალბათ უპრიანი იქნება ასეთი ზღვრული ოდენობის აქციზის განსაზღვრა“, - აცხადებს მთვარალაშვილი.

ფასების ზრდის შესაჩერებლად ნავთობიმპორტიორებს აქციზის მექანიზმის შემოღების ჯერ მხოლოდ იდეა აქვთ. სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ კი მთავრობასთან კვალიფიციური წინადადების დაყენებას გეგმავენ.