22.იანვარი .2020 14:05

„საწვავის ფასი მიმდინარე ეტაპზე სტაბილურობას შეინარჩუნებს“ - იმპორტიორთა კავშირი

views 200
უკან

"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით, 2019 წლის დეკემბრის თვეში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. 

კერძოდ, დეკემბერში ნავთობის ფასი გაიზარდა 62 დოლარიდან 68 დოლარამდე/ბარელზე. თუმცა იმის გამო, რომ აშშ-ირანს შორის არ დაიწყო საომარი მოქმედებები, ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო და დღეისათვის შეადგენს 64,5 დოლარს/ბარელზე.
 
“მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. თუმცა მათ შორის არის რიგი ფუნდამენტალური ფაქტორებისა, რომლებიც ალბათ მთელი წლის განმავლობაში იქნება ძირითადში ნავთობის ფასის განმსაზღვრელი.

კერძოდ, ეს ძირითადი ფაქტორია ვითარება ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანის გარშემო შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მიმდინარე ეტაპზე გადაურჩა საომარ ესკალაციებს, თუმცა მის წინააღმდეგ წესდება საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციები, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის ემბარგო ნავთობის ექსპორტზე. ასევე რთული ვითარებაა შექმნილი ისეთ მსხვილ ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში, როგორიცაა ლიბია, სადაც თურქეთმა შეიარაღებული ძალები შეიყვანა. ასევე უნდა აღინიშნოს ერაყი, რომელიც შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. ზოგადად დაძაბული ვითარება რეგიონში ასევე არასტაბილურს ხდის მსოფლიოში უდიდესი ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში - საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების საკითხს.

ნავთობის ფასზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია ასევე „ოპეკი +“-ის შეთანხმება ყოველდღიური ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავთობის მოპოვება შემცირებულია გასული წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით და შეთანხმება მოქმედებს მიმდინარე წლის 1 კვარტლის ჩათვლით.

ნავთობის საერთაშორისო ფასზე ასევე მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა ძირითად ნავთობმომხმარებელ ქვეყნებში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, აშშ-ში ნავთობის მოპოვებისა და წარმოების დონე.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც, ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, დეკემბერში ის იზრდებოდა ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად. კერძოდ, ბენზინის საერთაშორისო ფასი დეკემბრის თვეში გაიზარდა დაახლოებით 31$-ით/ტონაზე 560 დოლარიდან 591 დოლარამდე/ტონაზე. დღეისათვის ბენზინის საერთაშორისო ფასი შეადგენს 591 დოლარს/ტონაზე. ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი დეკემბრის თვეში გაიზარდა დაახლოებით 39$-ით/ტონაზე 560 დოლარიდან 599 დოლარამდე/ტონაზე. მიმდინარე ეტაპზე კი დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასმა კლება დაიწყო და დღეისათვის შეადგენს 559 დოლარს/ტონაზე.

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასი. დეკემბრის თვეში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დეკემბრის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,9695 ერთეულს და თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,8677 ერთეულს. დღეისათვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,8877 ერთეულს.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, დეკემბრის თვეში საწვავის ბაზარზე შედარებით სტაბილური ვითარება შენარჩუნდა. რიგ ბრენდირებულ ქსელებში მოხდა საწვავის ფასის შემცირება საშუალოდ 2-5 თეთრით/ლიტრაზე და დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,40-2,55 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,55-2,65 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,66-2,77 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,62-2,79 ლარი/ლიტრაზე. საწვავის ფასის შემცირება მოხდა ასევე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, სადაც საწვავის ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია.

იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ფიქსირდება საერთაშორისო ფასებთან და დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, საწვავის ფასი მიმდინარე ეტაპზე სტაბილურობას შეინარჩუნებს”, - ნათქვამია „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა