მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის გაძვირების მიუხედავად, მგზავრობის ფასი არ გაზრდილა - "დიდუბის ავტოსადგური"

609bcfdbee02d
ინგა მურუსიძე
13.05.21 00:14
1194

"მიუხედავად საწვავის ფასების ზრდისა, მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა“, - ამის შესახებ BM.GE-ს დიდუბის ავტოსადგურის დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ განუცხადა. 

ცნობისთვის, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად, იზრდება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზეც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც იწვევს. ამჟამად სამომხმარებლო ქსელში ერთი ლიტრი რეგულარის საწვავის ღირებულება თითქმის 2.80 ლარს შეადგენს. რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე ეკოსუპერის ტიპის საწვავის ფასი კი 3 ლარს ასცდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ბოლო 6 თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება 29.8%-ით გაიზარდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საწვავის ფასები გაიზარდა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრთგადაყვანის ფასები არ გაზრდილა. ეს განაპირობა დიდმა კონკურენციამ და განსაკუთრებით პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და მის შემდგომ მომრავლებულმა უკანონოდ გადამყვანებმა. მათ გადაიბირეს ძალიან დიდი რაოდენობით მგზავრები. შემიძლია, დადასტურებულად გითხრათ, რომ წინა პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი განახევრებულია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მგზავრობის საფასურის გაზრდის საფუძველი და პირობები რომც არსებობდეს და ფასები გავზარდოთ, მგზავრთნაკადი მთლიანად შემცირდება. ამდენად, მომსახურების გაძვირება არ იგეგმება", - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

მისივე თქმით, მგზავრთა უკანონოდ გადამყვანები არიან ჩვეულებრივი მანქანების, მინივენების და სხვა ტრანსპორტის მძღოლები, ე.წ. ხიშნიკები, რომლებიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებიან, გადახადებს არ იხდიან, აქვთ შეღავათები და შესაბამისად, ჰყავთ უფრო მეტი მგზავრი, ვიდრე კანონიერ ავტოსადგურებს.

მიქატაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ავტოსადგურებმა არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს, რომ მგზავრთგადაყვანა დაექვემდებაროს კონტროლს, თუმცა, ჯერჯერობით, რეაგირება არ არის.