მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის იმპორტი ზრდას განაგრძობს - ნავთობიმპორტიორები მიზეზებს განმარტავენ

61b70d15193d0
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 14:20
749
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საწვევის იმპორტი ზრდას განაგრძობს.

კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1 042,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 004.8 ათასი ტონა) შედარებით 37.5 ათასი ტონით ანუ 3.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (992.6 ათასი ტონა) 49.7 ათასი ტონით, ანუ 5%-ით აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ბენზინის იმპორტი გაიზარდა, ხოლო დიზელის შემცირდა. 2021 წლის პირველ 11 თვეში 537.5 ათასი ტონა ბენზინის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 43.8 ათასი ტონით ანუ 8.9%-ით მეტია. კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 346.3 ათასი ტონა (64.4%) A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი; 180,3 ათასი ტონა (33.5%) - A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი და 10,9 ათასი ტონა (2.0%) - A-98 სუპერი ტიპის ბენზინი შემოვიდა.

რაც შეეხება დიზელის საწვავს, იმპორტის მოცულობამ 504.8 ათასი ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,3 ათასი ტონით, ანუ 1.2%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის 11 თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქმენეთიდან (229 ათასი ტონა) შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 22.0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 203 ათასი ტონა - 19.5%; აზერბაიჯანი - 194.5 ათასი ტონა, 18.7%; რუმინეთი - 178.1 ათასი ტონა, 17.1%; ბულგარეთი - 159.6 ათასი ტონა, 15.3%; საბერძნეთი - 35.6 ათასი ტონა, 3.4% და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი თურქმენეთი გახდა, საიდანაც შემოვიდა 156.2 ათასი ტონა ბენზინი, რაც მთელი ბენზინის საწვავის იმპორტის 29.1%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქმენეთიდან იმპორტირებული მთელი ბენზინი A-91 რეგულარი ტიპის საწვავზე მოდის.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის იმპორტის ზრდის მიზეზებს განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ მოხმარების ზრდა ეკონომიკის აღდგენასთან პირდაპირ კავშირშია.

„მიმდინარე წელს საწვავზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასების მიუხედავად ფიქსირდება იმპორტისა და მოხმარების ზრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ზრდის პოზიტიურ პროცესთან პირდაპირ კავშირშია. ასევე აღსანიშნავია, რომ დიზელის იმპორტის სტატისტიკა დადებით ტენდენციას აჩვენებს, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი პროდუქციის შემოდინების შემცირებასთან, რაც უკავშირდება ადმინისტრირების გამკაცრებას“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.