მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის იმპორტის ზრდა ბენზინის იმპორტის მატებითაა განპირობებული - ნავთობიმპორტიორები

61430905609a8
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.21 00:31
1321
2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 743.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716.1 ათასი ტონა) შედარებით 27.6 ათასი ტონით, ანუ 3.9%-ით და პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (676.8 ათასი ტონა) შედარებით 66.9 ათასი ტონით ანუ 9.9%-ით მეტია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, საწვავის იმპორტის ზრდა ბენზინის იმპორტის მნიშვნელოვანი მატებითაა განპირობებული. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, ის იმ პირობებშია შემცირებული, როდესაც ფიქსირდება გასულ წელთან შედარებით ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა და ყველა ის ინდიკატორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს, გაუმჯობესებულია. შესაბამისად, უნდა ხდებოდეს დიზელის საწვავის როგორც მოხმარების, ასევე იმპორტის ზრდა.

„ჩვენი ინფორმაციით, დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინებასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით ხდება, რასაც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დიზელის საწვავზე არსებული დაბალი ფასები (საშუალოდ 1,40 ლარი) განაპირობებს.

ასევე პირველი შემთხვევაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თურქმენეთი საქართველოში საწვავის (91 ტიპის რეგულარის ტიპის ბენზინი და დიზელის საწვავი) სტაბილურად ძირითადი მომწოდებელი გახდა“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათი მონაცემებით, 2021 წლის პირველი 8 თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 381.3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 362.4 ათასი ტონა შეადგინა.

ბენზინის შემთხვევაში იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (337.8 ათასი ტონა) შედარებით 43.5 ათასი ტონით, ანუ 12.9%-ით მეტია, დიზელის შემთხვევაში კი კლება 15.9 ათასი ტონით ანუ 4.2%-ია( 2020 წლის 8 თვე - 378.3 ათასი ტონა).

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საწვავის A-91 რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტმა 246.7 ათასი ტონა (64,7%) შეადგინა; A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 127.5 ათასი ტონა (33.4%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 7.1 ათასი ტონა (1.9%);

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქმენეთიდან - 169.7 ათასი ტონა განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 22.8%-ია. მსხვილი საიმპორტო ბაზრები კი შემდეგია: რუსეთი - 147.1 ათასი ტონა - 19.8%; აზერბაიჯანი - 138.2 ათასი ტონა - 18.6%; რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 17.6%; ბულგარეთი - 113.1 ათასი ტონა, 15.2%; საბერძნეთი - 20.6 ათასი ტონა, 2.8%; თურქეთი - 12.7 ათასი ტონა, 1.7%; იტალია - 5.6 ათასი ტონა, 0.8%; ყაზახეთი - 2.5 ათასი ტონა, 0.3%, და სხვ.