მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ხარისხის კონტროლის მოქმედი რეგულაციები ძალიან სუსტია - ფხაკაძე

5efcb0fc77fdb
დავით ჯალაღონია
01.07.20 22:14
1433
საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი რეგულაციები ძალიან სუსტია - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციისა და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს.

ფხაკაძე ამ პრობლემის არსებობაში კერძო სექტორის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ძალიან გვიყვარს და საწვავის ხარისხის თემატიკა და ეს პრობლემა ნებისმიერი ჩვენგანისთვის ძალიან აქტუალურია. როგორ შეიძლება საწვავის ხარისხი, ან ნებისმიერი მიმართულება, რომელიც ეკოლოგიურ ვითარებაზე ახდენს გავლენას, არ გაინტერესებდეს? აქ ხომ საუბარი არ არის ან კომპანიაზე, ან მცირე, თუ საშუალო ბიზნესზე, ყველა - დიდი, მცირე, თუ საშუალო კომპანია უნდა აკეთებდეს ერთ რაღაცას - ხარისხიანი საწვავი უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში. ამ ფაქტორის უგულვებელყოფა არ შეიძლება, თუ არის დასასჯელი მსხვილი კომპანია, უნდა დაისაჯოს. თუ მომავალში თეორიულად იქნება ახალი რეგულაციები, ყველასთვის უნდა იყოს უმკაცრესი, როდესაც საქმე ეხება ეკოლოგიურ პრობლემებს.

ვფიქრობ, რომ დღეს ის რეგულაციები რაც არსებობს, ძალიან სუსტია. ბიზნესი როცა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს, ე.ი აქ ობიექტური რეალობაა, თორემ არ შეიძლება ბიზნესი მისი თვისებიდან გამომდინარე, ამას ითხოვდეს. პირიქით, რეგულაციების შესუსტებას ითხოვს ხოლმე, მაგრამ აქ ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიურ ვითარებაზეა საუბარი, კარგი იქნება, თუ მისი გაუმჯობესება მოხდება. აქ ყველამ ერთხმად უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლემა არსებობს, რასაც ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი შვილები ვერ მოითმენენ. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, ამავე თემაზე ასევე, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა შავლეგ მიშველაძემ ისაუბრა.