21.ივლისი .2021 21:18

სახ. დეპი: ინვესტორები მიუთითებენ ნდობის ნაკლებობაზე ქართული სასამართლოს მიმართ

სახ. დეპი: ინვესტორები მიუთითებენ ნდობის ნაკლებობაზე ქართული სასამართლოს მიმართ
views 518
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.

“მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა არაერთი კომპანიის მხრიდან გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობის ზრდის შესახებ, რაც როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, ასევე მის ეფექტურობას და კომპეტენტურობას შეეხება, რის გამოც ზოგიერთი ბიზნეს დავის განხილვა წლობით მიმდინარეობს.

ასევე კომპანიები მიუთითებენ გადაწყვეტილებათა მიღების არაეფექტურ პროცესზე, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. ასევე სირთულეებზე ინტელექტურალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით. ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პოლიტიკა დახევწას იმსახურებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ეკონომიკური რეგულაციებუს აღსრულება კომპანიების მიმართ სელექტიური პრინციპით ხდება, ბიზნესის შეფასებით ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარების მიმართულებით მუშაობას. ამ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესგარემო რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ ღიაობით გამოირჩევა,”- ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლოს შესახებ თავში კი საუბარია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები მოსამართლეთა დანიშვნის წესთან მიმართებით. ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებითაც. 

დოკუმენტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ პორტის გენერალურ კონტრაქტორ კომპანიასთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა.

"2016 წელს მთავრობამ საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას, ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის ხელშეკრულება მიანიჭა. თუმცა, მთავრობამ 2020 წელს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა. პროექტის ინვესტორი კომპანია დავობს, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, რამაც საბოლოოდ პროექტის ფინანსური სიძნელეები განაპირობა. მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ იგი ერთგული რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ, ინვესტორებსა და ადგილობრივ ბიზნესლიდერებს ამ განცხადებებში ეჭვი ეპარებათ,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა