მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახ დეპი: მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის ერთგული რჩება, ინვესტორებს ამაში ეჭვი ეპარებათ

60f85de212dc2
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.21 21:47
1631
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტში ქვეყანაში დაგეგმილი ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც არის საუბარი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ისინი ანაკლიას კვლავ პრიორიტეტად განიხილავენ, თუმცა ამ განცხადებების ჭეშმარიტებაში ინვესტორებს ეჭვი ეპარებათ.

"2016 წელს მთავრობამ საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას, ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის ხელშეკრულება მიანიჭა. თუმცა, მთავრობამ 2020 წელს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა. პროექტის ინვესტორი კომპანია დავობს, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, რამაც საბოლოოდ პროექტის ფინანსური სიძნელეები განაპირობა. მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ იგი ერთგული რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ, ინვესტორებსა და ადგილობრივ ბიზნესლიდერებს ამ განცხადებებში ეჭვი ეპარებათ,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.

2020 წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტის შესახებ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს, სწორედ ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგ არის ნავარაუდევი ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.