მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან ჩავიდა

606efd69cb884
ინგა მურუსიძე
08.04.21 16:54
966
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს სოფელ გუმათში ჩავიდა, სადაც სამართალდამცველებს ნამახვანისკენ მიმავალი გზა აქვთ გადაკეტილი და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ტერიტორიაზე არ უშვებენ. პროტესტანტენთან ერთად ნინო ლომჯარია ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე შესვლას და ადგილზე ვითარების გაცნობას შეეცადა, თუმცა არ შეუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უთხრეს, რომ ადგილზე საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს და ტერიტორიაზე მოქალაქეების შეშვება ნებადართული არ არის. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბლოკ-პოსტის ადგილზე განთავსება და მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა დასაბუთებული არ არის და მისი კანონიერება შესასწავლია.

„ჩვენ ვერ დავინახეთ დასაბუთება იმისა, თუ რა საჭიროება იყო იმისთვის, რომ გადაადგილების შეზღუდვა დასაბუთებულიყო, არანაირი წინაპირობა, ან მინიშნება, მოწოდება ძალადობრივ ქმედებებზე არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მივიღე განმარტება ადგილობრივი პოლიციელებისგან, თუმცა ჩვენ უკვე მივმართეთ შსს-ს ოფიციალურად როგორც აღნიშნულ ბლოკ-პოსტთან, ისე გამოყენებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. აუცილებლად შევისწავლით თუ რა არგუმენტი აქვთ იმისთვის, რომ შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა ასევე კომპანია „ენკას“ განცხადებას, რომ მათ თანამშრომლებზე ხორციელდება მუქარა. ნინო ლომჯარიას თქმით, ის ამ საკითხსაც შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელსაც შეხვდება.

შეგახსენებთ, შსს-მ სოფელ გუმათში ნამახვანისკენ მიმავალი გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო, მაშინ როცა ადგილზე პირველად ჩავიდა პროექტის ახალი ხელმძღვანელი, მერაბ ლომინაძე. პროექტის მოწინააღმდეგეებთან ერთად მაშინ ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც.