მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აჭარაში ტურისტულ თავშესაფრებს ააშენებს

609a87778ad34
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 19:55
888
აჭარაში, შუახევი-ქობულეთის 30 კმ-იან ახალ ტურისტულ მარშრუტზე 3 ტურისტული თავშესაფრის აშენება იგეგმება. პროექტის შესახებ, რომელიც ტურისტების სწრაფი განთავსების ადგილების მოწყობას გულისხმობს, BM.GE-სთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ტურისტული თავშესაფრების შექმნის მოთხოვნა, როგორც მოგზაურებიდან, ასევე რეგიონში მომუშავე გიდებიდან იყო, შესაბამისად უწყებამ ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო. თინათინ ზოიძე პროექტის ზუსტ ღირებულებას ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც პროექტის დიზაინი შედგება, ტენდერი კი უკვე გამოცხადებულია.

„აშენდება ტურისტული თავშესაფრები ტურისტულ მარშრუტებზე. აქ იგულისხმება პატარა უფასო მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ვიზიტორებს გრძელ მარშრუტებზე შეჩერება შეეძლებათ. მიმდინარე წელს 3 თავშესაფარის აშენება იგეგმება - ერთი შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარი-მინდორის ტერიტორიაზე, ერთი ქობულეთში და ერთიც ქედაში.

გასულ წელს შუახევი-ქობულეთის მარშრუტის მარკირებისას 30 კმ-ზე მეტი სიგრძის მარშრუტზე მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებლობა გამოიკვეთა, რაც საპირფარეშოს, წყლის პუნქტის, შესასვენებლის და საპიკნიკე სივრცეებს მოიცავს. ვიზიტორებისა და გიდების მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ განვიხილეთ მათი წინადადება და ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ვაშენებთ საპიკნიკე სივრცეებს, რაზეც 40 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიმდინარე წელს უწყების მხრიდან აჭარაში დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთი პროდუქტების განვითარებაა, რაც თავშესაფრების პროექტსაც მოიცავს. მისი თქმით, წელს აჭარაში ჩასულ ტურისტებს როგორც ზღვის, ასევე მთიანი აჭარის მიმართულებით ბევრი საინტერსო მარშრუტი და ატრაქცია დახვდებათ.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება ტურისტული პროდუქტების განვითარებაა.
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტი 6 მთის კვლევის პროექტს აქტიურად ვახორციელებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩამოსულ სტუმრებს ახალი გარდამავალი მარშრუტების ნაწილში ბევრი სიახლე შევთავაზოთ. 15 მარკირებული მარშრუტი ვიზიტორების მისაღებად უკვე მზადაა და წელს არსებულ მარშრუტებს ძალიან ბევრი მიმართულება დაემატა.

ხიხანის ციხეზე ასასვლელ ბილიკს ვაშენებთ და ტენდერი ამ კვირაში გამოცხადდება, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ჭვანის ხეობის ჩირუხის მთის განვითარების პროექტზე ვმუშაობთ, რომლის მშენებლობა წელს დაიწყება. აღნიშნული პროექტები ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა. ექსტრემალურ ველო და საფეხმავლო ბილიკს ვაკეთებთ, რომელიც 2 მუნიციპალიტეტს დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჯამში წელს ტურისტული პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გამოყოფილი“, - უთხრა BM.GE-ის თინათინ ზოიძემ.