მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის ხელშეწყობით აშშ-ის ანგარიშვალდებულების სამსახურთან ახალ პროექტს იწყებს

5f05eaa1613e8
BM.GE
08.07.20 19:48
1176
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური (SAO) აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) თანამშრომლობის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების განვითარების პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენისა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს მოიცავს.

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ეწვია. აშშ-დან შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო GAO-ს გენერალური აუდიტორი ჯინ დოდარო და USAID-ის ფინანსური დირექტორი რეჯინალდ მიტჩელი.

პიტერ ვიბლერის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. უმაღლესი აუდიტორული ორგანოებისათვის ის არის სამაგალითო ორგანიზაცია, რომელმაც განავითარა ინსტიტუციური შესაძლებლობები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა დონორების დახმარებით.

"შესაბამისი მონაცემების საფუძველზე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საუკეთესო მაგალითი, რომელიც ერთი მხრივ, USAID-სგან იღებს ტექნიკურ დახმარებას და ამავდროულად, უშუალოდ ატარებს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტებს ჩვენთვის და ჩვენთან ერთად.

დღეს აღვნიშნავთ პარტნიორობის ახალ ეტაპს აუდიტის სამსახურს, USAID-სა და აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურს შორის, რომელიც აშშ-ს კონგრესის აუდიტორული უწყებაა.

აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურმა სწორედ სახელმწიფო აუდიტის სამსახური აირჩია პარტნიორობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს“ - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა მედიასთან ინტერვიუში.

პროექტი აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (Center for Audit Excellence CAE) თანამშრომლობის ფორმატში წარიმართება.

აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) დაეხმარება ქართულ მხარეს ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენის განსაზღვრასთან დაკავშირებით გაიზიაროს თანამედროვე მიდგომები, შეიმუშაოს პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტები.

აპრილში დაგეგმილი იყო აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურისა (US Government Accountability Office GAO) გენერალური აუდიტორის ჯინ დოდაროსა და USAID-ის ფინანსური დირექტორის რეჯინალდ მიტჩელის ვიზიტი საქართველოში, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.