04.ივლისი .2020 17:15

სახელმწიფო ავტოპარკში ჰიბრიდულ ავტომობილებს უპირატესობა შესაძლოა, კანონით მიენიჭოს

სახელმწიფო ავტოპარკში ჰიბრიდულ ავტომობილებს უპირატესობა შესაძლოა, კანონით მიენიჭოს
views 813
უკან

"აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული ავტომობილების ეკონომიკური უპირატესობა შიგაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, რათა მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ეკონომია", – ამის შესახებ ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი.

"მართალია, ქ. თბილისში და ქ. ბათუმში გადაიდგა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ელექტროძრავიანი ავტობუსების, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების მიზნით და ამ კუთხით შესამჩნევია პროგრესი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 თებერვლის დადგენილებით „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, არ არის განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ჰიბრიდული ან/და ელექტროძრავიანი ავტომობილების შესყიდვის შესაძლებლობა, რაც აუცილებლად საჭიროებს გამოსწორებას, რადგან, აღმასრულებელ ხელისუფლებას აკისრია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ყველა მიმართულებით განხორციელების მოვალეობა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნიდან გამომდინარე - სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული ავტომობილების ეკონომიკური უპირატესობა შიგაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, რათა მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ეკონომია", – წერია ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, ეს საკითხი კომიტეტის წევრებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც განიხილეს.

"ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცესის ფარგლებში გარემოს კომიტეტის მიერ კერძო სექტორისგან ზეპირ მოსმენაზე მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებსა და ჰიბრიდებისთვის გათვალისწინებულ უნდა იყოს გარკვეული ტიპის უპირატესობა, რათა სახელმწიფო ავტოპარკი განახლდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. ასეთი ტრანსპორტი ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილია, რადგან მისი ექსპლუატაცია მოითხოვს ნაკლებ დანახარჯს.

ამდენად, სახელმწიფო ავტოპარკის განახლების და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული ტრანსპორტის მიმართ პრიორიტეტის დადგენის მიზნით. ასევე, შესაძლებელია მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის გააქტიურება მათი მხირდან ელექტროძრავიანი ან ჰიბრიდული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვის წახალისების მიზნით", – აღნიშნულია ანგარიშში და აქვე, სომხეთის მაგალითია მოყვანილი.

"ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის არის მეზობელი სომხეთი, სადაც დაგეგმილია, რომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა. როგორც სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ამისთვის საერთაშორისო ეკოლოგიური ფონდი პროექტს 700 000 აშშ დოლარით დააფინანსებს", – წერია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა