მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

6093ce27e008e
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.21 15:10
855
რეაბილიტაციის პროცესიდან გამოსული “სახელმწიფო ელექტროსისტემა” მიმდინარე წლის ბოლოს 200 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

ობლიგაციების გამოშვებისთვის მომზადების პროცესში “სახელმწიფო ელექტროსისტემამ” ფინანსური კონსულტანტის შესარჩევად ტენდერიც გამოაცხადა, რომელშიც ქართულმა საინვესტიციო ბანკმა “გალტ & თაგარტმა” გაიმარჯვა.

“გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე BMG-სთან საუბარში განმარტავს, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვებამდე “სახელმწიფო ელექტროსისტემის” საკრედიტო რეიტინგი უნდა განისაზღვროს. ამასთან, შარიქაძის თქმით, ბონდების გამოშვება ადგილობრივ ბაზარზე განიხილება.

“ამ ეტაპზე საუბარია ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე განთავსებაზე. ამ ფასიანი ქაღალდის მიზნობრიობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თავად ტენდერი, რომელშიც გავიმარჯვეთ, ემსახურება იმას, რომ კომპანია მოვამზადოთ პოტენციურად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბონდების გამოსაშვებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და უფრო მეტი სიცხადე ამ კუთხით ალბათ 1-1.5 თვეში გვექნება - თუ რა მდგომარეობაა ფინანსურად და რა სახის ბონდების გამოშვება უნდა მოხდეს. შესაბამისად, უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ივნისის შუა რიცხვებში გვექნება", - განმარტავს ოთარ შარიქაძე.

"სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან  განაცხადა, რომ კომპანიაში კორპორატიზაციის რეფორმა და ახალი ბონდების გამოშვებისთვის მზადება მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით ხდება.

“მსოფლიო ბანკთან ერთად, მათთან პარტნიორობით დავიწყეთ ჩვენი კომპანიის მიერ ბონდების გამოშვებისთვის მზადება. მიმდინარეობს კომპანიის შეფასება. ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის მოთხოვნების მიხედვით; გაიმარჯვა “გალტ & თაგარტმა”, ხდება სახელმწიფო ელექტროსისტემის შეფასება და ვფიქრობთ, ამ წლის ბოლოს შევძლებთ ბონდების გამოშვებას დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ექვივალენტში - ამის გამოშვება ლარში მოხდება. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის შემცირებაში", - განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.

BMG-მ სახელმწიფო ელექტროსისტემისგან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა ფინანსური შედეგით დაასრულა კომპანიამ 2020 წელს საქმიანობა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ თებერვალში წარმოდგენილი წერილობითი პასუხის მიხედვით, მათი შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ოპერირებიდან გასულ წელს 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 22.2 მილიონი ლარი იყო.

2020 წლამდე კომპანია “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი “ესკოსთან” ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა “რეაბილიტაციის”პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების გადახდას გულისხმობდა.

“2008 წლიდან, კომპანია ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად საქმიანობდა. კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების მოცულობა 118 359 მლნ ლარს შეადგენდა. რეაბილიტაციის ვადად განისაზღვრა 15 წელი, თუმცა კომპანიამ 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს შეძლო არსებული რეჟიმიდან გამოსვლა და დავალიანების გასტუმრება,” - განუცხადეს BMG-ის ელექტროსისტემაში.

კომპანია ამჟამად საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. ესენია:

1) ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა 2 (135 მლნ ევრო, KfW );
2) ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (100 მლნ ევრო, KfW);
3) ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (90 მლნ ევრო, EBRD);
4) გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“ (59 მლნ აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი)
5) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი (62 მლნ ევრო, მსოფლიო ბანკი).

2021 წლის გეგმებზე საუბრისას კი, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წელს საერთაშორისო დონორების დაფინანსებით რამდენიმე ხაზის მშენებლობას გეგმავენ. მათ შორისაა “ნამახვანი წყალტუბოს” ხაზიც, რომლითაც ელექტროსისტემა ახალ ჰიდროელექტროსადგურს უნდა დაუკავშირდეს. ასევე, დაგეგმილია "ჯვარი-ხორგას"; „ადიგენი-შუახევის“, „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხის“, „ჩრდილოეთის რგოლი-წყალტუბოს“ ხაზების მშენებლობები.

სახელმწიფო ელექტროსისტემის აქტივების ზომა 1.17 მილიარდი ლარია.