მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

603f386b24b12
BM.GE
03.03.21 11:23
838
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის ფუნქციაა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. 

ნათია თურნავას თქმით, რეაბილიტაციის პროცესიდან გამოსულ კომპანიაში ამჟამად კორპორატიული მართვის სტანდარტების დანერგვა მიმდინარეობს. 

"ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად. კომპანიის წარმატებული რეფორმირება შემდგომში უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე მოდელი. ამრიგად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების გამჭვირვალე პროცედურით შერჩევა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უმნიშვნელოვანესია,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები, უფრო კვალიფიციურად მართულები, საუკეთესო კორპორატიული სტანდარტები და პრაქტიკა იყოს დანერგილი და დამოუკიდებლად იზიდავდნენ ფინანსებს როგორც ჩვენს ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც.

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელი 22.2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა - ამის შესახებ BMG-ს კომპანიაში განუცხადეს. კომპანიის წერილობითი პასუხის მიხედვით, მათი შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ფლობიდან გასულ წელს 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

2020 წლამდე კომპანია “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი “ესკოსთან” ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა “რეაბილიტაციის”პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების გადახდას გულისხმობდა.

“2008 წლიდან, კომპანია ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად საქმიანობდა. კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების მოცულობა 118 359 მლნ ლარს შეადგენდა. რეაბილიტაციის ვადად განისაზღვრა 15 წელი, თუმცა კომპანიამ 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს შეძლო არსებული რეჟიმიდან გამოსვლა და დავალიანების გასტუმრება,” - განუცხადეს BMG-ის ელექტროსისტემაში.

კომპანია ამჟამად საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის შეღავათიანი კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ელექტროსისტემის აქტივები 1.17 მილიარდი ლარია.