მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ“ ხარისხთან შეუსაბამო პროდუქცია შეიძინა - აუდიტი

5f09cc9a5e789
BM.GE
11.07.20 19:22
1474
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელშეკრულებების მართვის შესაბამისობის სისტემური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც შპს „სახელმწიფო კვებითმა  უზრუნველყოფამ“ შეიძინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარისხთან  შეუსაბამო პროდუქცია, რაც აუდიტის დასკვნით, საბიუჯეტო სახსრების არაპროდუქტიულ ხარჯვაზე მიუთითებს.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ 2018 წლის მარტი-ივნისის პერიოდში გაყინული საქონლის ხორცით ამარაგებდა შპს „როიალ დისტრიბუცია“. მიმწოდებელთან გაფორმებული 617,601 ლარის საერთო ღირებულების 3 ხელშეკრულება ითვალისწინებდა კომპანიის 50 ობიექტზე 46,600 კგ უმაღლესი და/ან პირველი კატეგორიის საქონლის გაყინული ხორცის მიწოდებას. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის გადასაცემი საქონლის ხარისხი, სტანდარტები, ძირითადი მახასიათებლები და სხვა პარამეტრები უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესების, ნორმების და ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობების შესაბამისი.

შპს „როიალ დისტრიბუციას“,38 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესყიდული აქვს 47,244 კგ გაყინული საქონლის ხორცი, მათ შორის, 16,004 კგ უმაღლესი და პირველი ხარისხის, ხოლო დანარჩენი 31,240 კგ − მეორე ხარისხის. ამავე პერიოდში, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისათვის“ მიწოდებული აქვს 46,577 კგ გაყინული საქონლის ხორცი. ამდენად, როგორც მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, კომპანიისათვის მიწოდებული ხორცის ხარისხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა, რისი მიზეზიც კომპანიის მიერ მიღებული პროდუქტების ხარისხზე არასათანადო კონტროლია.

გარდა ამისა, შპს „სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ“ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია, უბრუნდება თუ არა ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ხარისხთან შეუსაბამო სხვადასხვა დასახელების საქონელი მიმწოდებელს და ხდება თუ არა მისი ჩანაცვლება შესაბამისი ხარისხის პროდუქტით.

"გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“ არ აქვს დანერგილი ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო კონტროლი, დოკუმენტაციით წარმოდგენილი 617,601 ლარის ღირებულების საქონლის ხორცის 66%, ღირებულებით 405,922 ლარი, წარმოადგენდა ხელშეკრულებით  განსაზღვრულ ხარისხთან შეუსაბამოს, რაც საბიუჯეტო სახსრების  არაპროდუქტიულ ხარჯვაზე მიუთითებს“-აცხადებს აუდიტი.