28.იანვარი .2022 20:13

სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს - კალაძე შენობების დემონტაჟზე

სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს - კალაძე შენობების დემონტაჟზე
views 652
უკან

"არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მედიასთან განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ორხევის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპეციამ უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მერის განცხადებით, დემონტაჟი მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე დაიწყო.

„სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.