მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ბიზნესი ვერ სარგებლობს

60464f9ba64c6
სალომე მეცხვარიშვილი
08.03.21 23:00
1289
სამშენებლო სექტორი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დახმარებას ვერ იყენებს და სახელმწიფო პროგრამაში ვერ ერთვება - ამის შესახებ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში” აცხადებენ.

საუბარია გასული წლის 31 მარტიდან ამოქმედებულ მთავრობის განკარგულებაზე, რომლითაც ხელისუფლება ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობენ, ხელშეკრულების ღირებულების 10% ან 20%-ით გაზრდას სთავაზობს. დამატებითი თანხა კომპანიებს სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ღირებულების საკომპენსაციოდ სჭირდებათ. ფასები კი პანდემიის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზოგიერთ შემთხვევაში 20%-ზე მეტადაც კი, თუმცა, სამშენებლო კომპანიები სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებენ.

მიზეზი, როგორც აღმოჩნდა რამდენიმეა. კომპანიებს ზარალის დასადასტურებლად დიდ ათეულში შემავალი აუდიტორული კომპანიების ან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა სჭირდებათ. “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” დირექტორი ანა საბახტარაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტაციის მომზადება საკმაოდ ძვირი ჯდება და რიგ შემთხვევაში კომპანიებს მისი მომზადება არ უღირთ.

“ის ტოპ-10 აუდიტორიული კომპანია სხვა სფეროში მუშაობს და ეს დეტალური ხარჯთაღიცხვები, მათ შორის კონკრეტული სამუშაოების ფასის ჩაშლა რესურსული მეთოდით, არ არის მათი სამუშაოს ყოველდღიურობა, ამიტომ მათაც უწევთ ქვეკონტრაქტორის დაქირავება, რაც კიდევ უფრო აძვირებს დოკუმენტების მომზადებას. რამდენიმე აუდიტორულმა კომპანიამ უარიც თქვა ამ დოკუმენტის მომზადებაზე. ფაქტია, რაღაც უნდა გამარტივდეს, რადგან ჩიხში ვართ - რეალურად კომპანიებმა გადახარჯეს თანხა, მაგრამ ვერ ითხოვენ ანაზღაურებას, რადგან დოკუმენტაციის მომზადება უფრო ძვირი შეიძლება დაუჯდეთ, ვიდრე თავად ანაზღაურება”,- აცხადებს ანა საბახტარაშვილი.

მისივე თქმით, ზოგიერთი კომპანია ხარჯს იმ მიზეზითაც ერიდება, რომ ანაზღაურების გარანტია არ აქვს, რადგან დოკუმენტაცია შესაძლოა, უბრალოდ დახარვეზდეს.

ყველაფერთან ერთად, ირკვევა, რომ სახელმწიფომ დახმარების პროგრამა გასული წლის მარტში დაამტკიცა, მაგრამ სულ ახლახან შეადგინა სპეციალური ფორმულა, რის მიხედვითაც ხდება ანაზღაურება, ამიტომ კომპანიებმა რამდენიმე თვე უბრალოდ დაკარგეს. ანა საბახტარაშვილი ამბობს, რომ ფორმულის გარეშე ანაზღაურების მიღება შეუძლებელი იყო.

“გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნა იყო პირველი, რაც ჩვენ პანდემიის დაწყებისთანავე დავაყენეთ. ერთ-ერთი უპირველესი საფრთხე, რაც ბიზნესისთვის წარმოიქმნა პანდემიის დასაწყისშივე, იყო გაძვირებული დოლარი და შესაბამისად, გაძვირებული სამშენებლო მასალები, რაც სამშენებლო პროცესის ნორმალურად წარმართვას ხელს უშლიდა. ამიტომ თავად დამკვეთის ინტერესიც იყო, რომ ეს ანაზღაურება გაცემულიყო.

თითქმის 1 წელი გავიდა, რაც დადგენილება ძალაში შევიდა, თუმცა, დღეს არცერთ კომპანიას მე არ ვიცნობ და მგონი არც არის, რომელმაც ანაზღაურება მიიღო. სამწუხაროდ, მიზეზი არ არის ის, რომ კომპანიებს გადახარჯვა არ ჰქონიათ. მიზეზი არის ის, რომ ფაქტობრივად მარტში მიღებული პროექტი ცვლილებებს ელოდებოდა ბევრი თვის განმავლობაში. მათ შორის, ღია იყო ფორმულის საკითხი - როგორ უნდა დაანგარიშებულიყო შესაბამისი ანაზღაურება. რეალურად მხოლოდ დეკემბერში მივიღეთ საბოლოო ფორმულა”,- აცხადებს ანა საბახტარაშვილი.