მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იაფფასიანი მასალის გამოყენებაზე აპელირება არასწორია - ჯანდაცვის სამინისტრო

6378a61bd238f
ლიკა მეგუთნიშვილი
19.11.22 14:56
523
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კლინიკა ვალდებულია, შესაბამისი ხარისხის მასალა გამოიყენოს, იქნება ეს სტენტი, პროტეზი თუ სხვა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, DRG დაფინანსების დროს, აუცილებელია, პაციენტი სრულად იყოს უზრუნველყოფილი კლინიკისგან შესაბამისი, მაღალხარისხიანი მომსახურებით.

„აპელირება იმაზე, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აუცილებლად იაფფასიანი მასალა უნდა იყოს გამოყენებული და სხვა ნებისმიერი მაღალფასიანი მასალა ვერ იქნება გამოყენებული, უბრალოდ არასწორია. ასე მარტივად სახელმწიფო ნამდვილად ვერ მიუდგება. სახელმწიფო პაციენტებს სთავაზობს, რომ ამ დაფინანსების ფარგლებში კლინიკის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს მაღალხარისხიანი მომსახურებით, როგორც ექიმის, ასევე სახარჯი მასალის და შესაბამისად, ეს გათვალისწინებულია მთლიანად ამ DRG კომპონენტის ფარგლებში”, - აცხადებს ეკა ადამია.

როგორც ის აღნიშნავს, საყოველთაო პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერი ექიმისა თუ კლინიკის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რომელშიც სახელმწიფო არ ერევა.

„ყველა ექიმი კანონით ვალდებულია, რომ პაციენტს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. თუ საყოველთაო პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტს რომელიმე კონკრეტული კლინიკა თუ ექიმი რომ არ მიიღოს მონაწილეობა, ამას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და ვერაფერს ვიზამთ. თუმცა პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის შემთხვევაში, ყველა კლინიკა ვალდებულია, თუ ეს ეთანხმება ამ პირობებს, რა პირობებითაც სახელმწიფომ გამოსცა დადგენილება, მაშინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ჩაატაროს შესაბამისი ოპერაცია და პაციენტს დახმარება გაუწიოს“ , - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ.

ეკა ადამიას თქმით, იმისთვის რომ კლინიკები სრულად ადაპტირდნენ ახალ მექანიზმთან და სხვადასხვა პირველადი ხარვეზები თუ გაურკვევლობები აღმოიფხვრას, მათ ორთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ.

„სხვადასხვა ტიპის დარღვევები დღეს რაც ფიქსირდება, არის ერთგვარი გაურკველობები, თუ რა ტიპის უნდა აიტვირთოს საიტზე, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კლინიკებთან. ორმაგი დიაგნოზის შემთხვევაში, თუ ეს ერთი პაციანტის ერთი შემთხვევის ფარგლებში ხდება, ერთდროულად უნდა აიტვირთოს და დაგენერირდება ერთი შესაბამისი DRG კოდი. პირველი ორი თვის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა საშეღავათო პერიოდი, იმისთვის, რომ ეს გარუკვევლობები აღმოიფხვრას და კლინიკებს ამ მექანიზმში უკეთ გარკვევის შესაძლებლობა მიეცეთ.

კლინიკები უნდა მოერგონ ამ დაფინანსების მოდელს, ქეის მიქსის რაღაც შემთხვევების რაოდენობის ჯამურ დაფინანსების პრინციპზე უნდა გადაეწყონ, ექიმების ანაზღაურებაც ამ მოდელზე უნდა გადაეწყოს. ერთი კოდის ფარგლებში შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ტიპის, ანუ იაფიანი შემთხვევა, ასევე, ძვირიანი. საბოლოოდ ეს ბალანსდება იმ შემთხვევათა რაოდენობის ნაკრებით, რაც კონკრეტულ კლინიკაში გატარდება. სწორედ ეს არის DRG მოდელის ძირითადი პრინციპი, რაც მას ხდის ეფექტიანს, სერვისების ოპტიმალურად გამოყენებისა და განაწილებისთვის“ - აცხადებს ეკა ადამია.

1-ელი ნოემბრიდან საქართველოში გადახდის DRG-მეთოდი ამოქმედდა.