30.ივნისი .2022 13:45

სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში კორუფციის პრევენცია არ ხდება - TI

სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში კორუფციის პრევენცია არ ხდება - TI
views 473
უკან

2022 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 170 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გაყიდა, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში 127.6 მილიონი ლარი მიიმართა.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “TI საქართველომ” სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გამოაქვეყნა შეფასება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქონების რეალიზაციის პროცესში კორუფციის პრევენციის მექანიზმები ფაქტობრივად არაა დანერგილი. უფრო მეტიც, ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ქონება მაღალჩინოსნებთაან დაკავშირებულ კომპანიებზე გაიყიდა.

TI პრობლემურად მიიჩნევს აუქციონებში კონკურენციის დონესაც, რადგანაც აუქციონების 67%-ში, რომელიც შედეგით დასრულდა, მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებდა. შესაბამისად, ქონება საწყის ფასთან შედარებით მხოლოდ ერთი ბიჯით ძვირად გაიყიდა. ასევე, მაღალია ჩაშლილი აუქციონების რაოდენობაც, რადგანაც 2013-2021 წლებში გამოცხადებულ 9,976 აუქციონს შორის 47% უშედეგოდ დასრულდა.

“სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” არ გააჩნია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე კონკრეტული მექანიზმი. ასევე, სააგენტომ უპასუხოდ დატოვა კითხვა, გამოვლენილა თუ არა 2012-2021 წლებში კორუფციული შინაარსის დარღვევა პრივატიზაციის სფეროში.

პრივატიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალ საეჭვო შემთხვევას, რაც კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მიანიშნებდეს:

“87 შემთხვევაში პრივატიზების აუქციონი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მოიგო. მათ შორის, 78% (68 ელექტრონული აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. 23 ელექტრონულ აუქციონზე კომპანიები აუქციონის მიმდინარეობისას დარეგისტრირდნენ, მათ შორის, 3 შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების დღეს. შედეგად, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 751,660 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 147 შენობა-ნაგებობა გაიყიდა.

29 შემთხვევაში პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 10 შემთხვევაში კომპანიებს 532,183 კვ.მ.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 46 შენობა-ნაგებობა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. საერთო ჯამში, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 860,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 4,619,056 კვ.მ. Სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და 85 შენობა-ნაგებობა გასხვისდა.

არის შემთხვევები, როდესაც პრივატიზების აუქციონში / პირდაპირ კონტრაქტს იღებს თანამდებობის პირი ან ოჯახის წევრი, ან ისეთი კომპანია, რომლის მეწილე ან დირექტორი არის თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი. 2013-2020 წლებში ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა (სია იხილეთ კვლევის ძირითად ტექსტში) – საუბარია 328,860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 45 შენობა-ნაგებობის გაყიდვაზე:

26 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირმა/ოჯახის წევრმა მოიგო, მათ შორის, 16 აუქციონი უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);

16 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს, მათ შორის, აუქციონების 87.5% (14 აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);

3 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან, გაფორმდა. აქედან 2 შემთხვევაში, მათ ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.

5 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. მათ შორის, 3 შემთხვევაში, კომპანიებს ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.

42 აუქციონის/პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება მიიღეს მმართველი პარტიის იმ შემომწირველებმა, რომლებმაც აუქციონის გამოცხადებამდე/მთავრობის განკარგულებამდე მცირე პერიოდით ადრე, ან აუქციონის მოგებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე შესწირეს თანხა.

შედეგად, 13,374,167 ლარად 454,627 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 225,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 45 შენობა-ნაგებობა გაიყიდა. მყიდველებმა სხვადასხვა დროს ქართული ოცნების სასარგებლოდ 2,097,000 ლარის შემოწირულება გაიღეს,”- ნათქვამია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა