24.სექტემბერი .2019 17:50

სახელმწიფო რთველის სუბსიდირებაზე 85 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

views 3269
უკან

დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში აიტვირთა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია - ს.ს.”აკურას” მოთხოვნა (SMP190003763), რომ კომპანიისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ოდენობა 35 მილიონი ლარით გაეზარდოს.

მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ღვინის ქარხანა უკვე არაერთი წელია, რაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური დადგენილების საფუძველზე, მთავრობისთვის რთველის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს. კომპანია ყოველწლიურად, დაახლოებით, 35,000-40,000 ტონა ყურძენს იბარებს, რაც გადასახადის გადამხდელებს საშუალოდ 40 მილიონი ლარი უდჯებათ.

2019 წლის რთველისთვის აკურას სახელმწიფოსგან უკვე გამოყოფილი ჰქონდა 50 მილიონი ლარის დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დადებითი პასუხის შემთხვევაში რთველისთვის გამოყოფილი თანხა 85 მილიონ ლარს მიაღწევს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგევრდის მონაცემებით, 2019 წლის რთველზე ს.ს. “აკურა”, დაახლოებით, 50,000-60,000 ტონა ყურძენს შეისყიდის.

რთველის დაფინანსების სამთავრობო მოდელი ასეთია: სახელმწიფოს კუთვნილი ღვინის ქარხანა თავად იბარებს ყურძენს, რაშიც მევენახეებს ფულს აძლევს. ჩაბარებული ყურძნისგან მთავრობა სპირტს ხდის და მას შემდგომი რეალიზაციისთვის ასაწყობებს. სახელმწიფო შემდგომში აღნიშნულ სპირტს აუქციონის წესით ყიდის, მყიდველები ძირითადად ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები არიან.

2016 წლის შემდგომ, მთავრობამ რთველის დაფინანსების არსებული მოდელით დაახლოებით 100,000 ტონა ყურძენი ჩაიბარა, რასაც 2019 წელს კიდევ 50,000-60,000 ტონა დაემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონში უკვე 123 ათასი ტონა ყურძენი არის გადამუშავებული. აქედან 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სააგენტოს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ "აკურას" მოთხოვნა 27 სექტემბრამდე უნდა განიხილოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა