მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ არა პრობლემის აღმოფხვრას, არამედ დანაშაულის გადაბრალებას"

5e373da816a5f
მარიამ ადამია
03.02.20 09:45
1569
"უთოვლო სეზონი არ არის საგანგაშო, ასეთი გამოცდილება გვქონია 2013-2014 წლებში. საგანგაშო ის ადგილობრივი პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია, თუმცა დღემდე მაინც პრობლემებად რჩება. ეს კი ცუდი მენეჯმენტის ამბავია," - ამის შესახებ, "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთია და ეს პირების პასუხისმგებლობის საკითხის იდენტიფიცირებაა.

„ჩვენ არ გვახსოვს 2012 წლიდან დღემდე მაგალითი, როდესაც გაფუჭებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, მთის კურორტებმა ან სხვა ნებისმიერმა უწყებამ აიღო პასუხისმგებლობა. ძირითადად სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ არა პრობლემის აღმოფხვრას არამედ დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას,“ - აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.

მისივე თქმით, 2020 საარჩევნო წელია და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, ხოლო იმ დროს, როდესაც სისტემურად პრობლემა გვაქვს მენეჯმენტის კუთხით ერთეული საკადრო ცვლილებები არანაირ ძირეულ ცვლილებას არ მოგვცემს.

„ჩვენ ფუნდამენტური პრობლემა გვაქვს მთლიანი ტურიზმის მენეჯმენტის კუთხით. არ შეიძლება თავკომბალა ორგანიზაციის მეშვეობით ხდებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის ორგანიზება, როგორიც ტურიზმია. ჩვენ, ერთის მხრივ, გვყავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც მარკეტინგული ორგანიზაციაა. მეორე მხრივ კი, გვყავს მთის კურორტების ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ საბაგიროების მშენებლობითა და მართვით არის დაკავებული. ხოლო კურორტის მენეჯმენტის კუთხით არაფერი კეთდება. რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთი ძლიერი აღმასრულებელი რგოლი, რომელსაც შეეძლება დავალება მისცეს თუნდაც მუნიციპალურ სამსახურებს, ისინი კი ანგარიშვალდებულნი იქნებიან ამ რგოლის მიმართ შეასრულონ გაცემული დავალებები,“ - აღნიშნა "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა. 

ასათაშვილის თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის მთლიან სისტემას სჭირდება რეფორმა, რომ გახდეს მეტად ქმედითი აღმასრულებელი რგოლი, რომელიც მხოლოდ საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზატორი და რეკომენდაციის გამცემი, კი არა კონკრეტული დავალებების გამცემი და პასუხისმგებლობის ამღები ორგანიზაცია იქნება, თუმცა ამას მოჰყვება მინიმუმ მტკივნეული რეფორმები, რომელიც სავარაუდოდ წელს მთავრობას არ აწყობს.