მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტის ტვირთი არ უნდა იყოს - ფინანსთა მინისტრი

6193ba0d541f2
ინგა მურუსიძე
16.11.21 19:29
911
სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტის ტვირთი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტი წარადგინა.

„დღეისთვის ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა ფინანსური კუთხით სახელმწიფო საწარმოებში, თუმცა ეს ნაწილობრივ პანდემიის დამსახურებაც არის. მაგრამ იმას, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის აუცილებელი, პრიორიტეტული და საჩქარო, ვადასტურებთ. ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ჩვენ გვყავს დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდგომ პროგრამაში, რომელზეც მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს, ერთ-ერთი მსჯელობის საგანი სწორედ სახელმწიფო საწარმოები იქნება. რა თქმა უნდა ისინი არ უნდა იქცნენ ბიუჯეტის ტვირთად და მათ უნდა შეძლონ ეკონომიკის განვითარებაში შესაბამისი ფუნქციის განხორციელება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება პრივატიზაციას, ფინანსთა მინისტრი ამობს, რომ არსებული ფორმით, მათი პრივატიზაცია შეუძლებელია, რადგან ისინი ზარალზე არიან.

„მნიშვნელოვანია დროულად განხორციელდეს შესაბამისი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საწარმოების დიდი ნაწილის პრივატიზაცია მოხდეს. ეს კი უნდა მოხდეს ყველაზე გამჭვირვალე გზით, რაც არის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტის გამოყენებით ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე განთავსება. ვფიქრობ, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება აღნიშნული რეფორმა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობს, თუმცა დოკუმენტი ჯერჯერობით საჯარო არაა. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარადგინა, რა დროსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ანალიზის მიხედვით, სავალუტო შოკის შემთხვევაში 2022 წელს შესაძლოა მათმა ზარალმა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბოს.

“ფისკალური რისკების ანალიზის განახლებულ დოკუმენტს დაემატა სახელმწიფო საწარმოთა სენსიტიურობის ანალიზის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია ექვსი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს შედეგები და მათზე სხვადასხვა მაკროეკონომიკური შოკების გავლენის ანალიზით. მიღებული შედეგების სიზუსტისა და სექტორიზაციის კომპონენტის გათვალისწინების მიზნით, მიზანშეწონილია ეტაპობრივად გაიზარდოს ამ ანალიზში შესული სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა.

სახელმწიფო საწარმოთა უარყოფითი ფინანსური შედეგების პირობებში, მათი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ვალდებულებებით ფინანსდება, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ამას ადასტურებს თავად სენსიტიურობის ანალიზის შედეგები, რომლის მიხედვითაც ვალუტის გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში, განხილულ საწარმოთა ჯამურმა ზარალმა შესაძლოა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბოს,”- აღნიშნავს ეკატერინე ღაზაძე.

სახელმწიფო საწარმოების სექტორში სავალალო ფინანსური მდგომარეობაა, რადგანაც აღნიშნული კომპანიები მთლიანობაში მუდმივად ზარალზე არიან.

2020 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 1 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. 237 მილიონი ლარი იყო მათი ზარალი 2019 წელს, 2018 წელს 816 მილიონი ლარი; 2017 წელს 732 მილიონი ლარი; 2016 წელს 535 მილიონი ლარი; 2015 წელს კი 786 მილიონი ლარი.