მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის შეფასების და მართვის სტანდარტები არ არსებობს - რა წერია პარლამენტის ანგარიშში

5df765e1a2512
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.19 15:25
1224
საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფოს კუთვნილ შპს-ებში სულ 58,000 ადამიანი არის დასაქმებული; ამ საწარმოების ბრუნვა კი 3.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, თუმცა ამ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი კომერციულად არამდგრადია. მხოლოდ 2018 წელს მათმა ჯამურმა ზარალმა 805 მილიონი ლარი შეადგინა. 

სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებმა სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, შეიძლება შეფასდეს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა, არ არსებობს სტანდარტი, რაც ამ საწარმოებში მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოების დანიშვნის საკითხებს მოაწესრიგებდა, არ არსებობს სტანდარტი, რაც მათ სახელფასო პოლიტიკას განსაზღვრავდა, არ არსებობს სტანდარტი, რაც მათ მიერ ინფორმაციის გასაჯაროების საკითხებს მოაწესრიგებდა. 

ანგარიშში ამ პრობლემების გარდა, კიდევ არაერთ გარემოებაზე მახვილდება ყურადღება. ერთ-ერთი მათგანი ამ საწარმოების პრივატიზების ხელისშემშლელი ბარიერებია. ირკვევა, რომ ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო საწარმოებმა მათი შეძენით დაინტერესებულ ინვესტორებს უარი უთხრეს საკუთარი კომერციული ინფორმაციის მიწოდებაზე, რამაც პოტენციურ ინვესტორთა მხრიდან ამ კომპანიების ღირებულების შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. 

ანგარიშის ავტორები დეპუტატები - ნინო წილოსანი, კახა კუჭავა, ცოტნე ზურაბიანი, ლევან კობერიძე და დავით სონღულაშვილი არიან. დეპუტატები იძლევიან რეკომენდაციას, დაინერგოს სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მართვის სტანდარტები, გაუმჯობესდეს საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ამ საწარმოთა დაფუძნების, ლიკვიდაციისა და ოპერირების კრიტერიუმებს განსაზღვრავდა. 

სრული მოხსნება სახელმწიფო საწარმოების შესახებ:



ფინანსთა სამინისტრო, თავის მხრივ, მთავრობის კუთვნილი შპს-ების საქმიანობასთან მიმართებით მასშტაბურ ცვლილებებს აანონსებს, მთავრობა სავალუტო ფონდთან ერთად, მათ რეფორმირებაზე მუშაობს. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კატეგორიზების შემდეგ, ბიუჯეტზე დამოკიდებული სახელმწიფო შპს-ების ვალდებულებები სახელმწიფო ვალში შევა. 

"ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სახელმწიფო კომპანიების კატეგორიზაციის შესახებ. სტრუქტურები, რომლებიც ოპერირებენ და გვევლინებიან როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტები, მას არ ავსახავთ ერთიან ვალში, ხოლო მეორე კატეგორია სახელმწიფო საწარმოების, რომლებიც რაღაც სახით უკავშირდებიან ბიუჯეტს - იღებენ რაიმე სახის სუბსიდიას ან აქვთ შეხება ბიუჯეტთან, ჩვენ ამ საწარმოებს სრულად ავსახავთ სამომავლოდ ჩვენ ძირითად ფისკალურ მაჩვენებლებში,"- ამბობს ივანე მაჭავარიანი.