მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით რეფორმები გრძელდება"

5e03a34a3726b
BM.GE
25.12.19 23:12
1103
"სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა“, - ასე ჰქვია თემატურ მოკვლევას, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო. მოკვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა. მან დეტალურად ისაუბრა მოკვლევის მნიშვნელობაზე და წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს სახელმწიფო საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.

„სახელმწიფოსაწარმოების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში კომპლექსური რეფორმები გატარდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საწარმოების მართვის გაუმჯობესების და მათი ფუნქციონირების მონიტორინგის კუთხით. ცალკე აღსანიშნავია ოპტიმიზაციის პროცესი, რის შედეგად, 1300 საწარმოდან, რომელიც 2013 წლისთვის ფუნქციონირებდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით სახელმწიფო პარტნიორის უფლებამოსილებას დღეს მხოლოდ 98 საწარმოში ახორციელებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების მომზადების შესახებ.

„ჩვენ მაქსიმალურად დავაჩქარებთ უმოქმედო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესს. ასევე ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარული წილის მფლობელებს შევთავაზოთ წილები იმ საწარმოებში, სადაც ჩვენ მინორიტარულ წილებს ვფლობთ. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვას მათი მართვის ეფექტიანობის გაზრისათვის,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, მოკლე პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ და საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას.

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში მომზადდა.