03.ოქტომბერი .2019 11:14

„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მიმართულებით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება“

views 353
უკან

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობას პრივატიზების მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების კუთხით.

თურნავა ამბობს, რომ აქ ნამდვილი გარღვევის მოხდენაა საჭირო, რათა ეს საწარმოები, რომლებმაც თავისი ფუნქცია დაკარგეს, კერძო სექტორის ხელში გადავიდეს და დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. წელს არ მივდივართ ცუდად, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. მე პირადად არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი. ჩვენ მივაღწიეთ დაჩქარებას უძრავი ქონების პრივატიზების მიმართულებით. 100 მლნ ისეთი მიჯნაა უკვე, რომ მარტივად შესრულდება.

რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა საწარმოს პრივატიზებას, აქ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა იმიტომ, რომ აქ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახდინეთ გარღვევა, მაგრამ მზად ვართ და ამაზე აქტიურად ვიწყებთ მუშაობას.

ეს არ შეეხება რამდენიმე სტრატეგიულ საწარმოს, მაგალითად, საქართველოს რკინიგზას, ელექტროსისტემას, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე და მათი პრივატიზება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ არის სხვა 1000-მდე მცირე საწარმო, რომელმაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს თავის რეალურ პატრონს.

აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ“, - აცახდებს თურნავა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 9 თვეში „ოცნების“ მთავრობამ პრივატიზაციიდან უფრო ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე - შარშან.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, წლის პირველ სამ კვარტალში 74 251 659 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაყიდეს. წლევანდელი ჯამური გეგმა 80 მლნ ლარია.

გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 მლნ ლარს აჭარბებს.

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ქონების სააგენტომ ვერცერთი სახელმწიფო საწარმოს გაყიდვა ვერ შეძლო. სააგენტოს ბალანსზე ამჟამად 93 სახელმწიფო საწარმოა.

ცნობისთვის: 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 109 803 701 ლარის ქონება გაყიდა.

2020 წელს საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას დაახლოებით, 50%-ით გაზრდის. როგორც მომავალი წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში წერია, 2020 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 120 მლნ ლარის მობილიზებას ელოდება.