მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დროულია - აეროპორტების გაერთიანების დირექტორი

617695dccb6df
მარიამ ვარადაშვილი
25.10.21 22:41
774
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე  სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების რეფორმის გეგმას დროულს უწოდებს. არჩუაძე ასევე ამბობს, რომ საქართველოს საავიაციო სექტორის მზარდი აღდგენის მიუხედავად, პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელს დაუბრუნდება.

“ისეთი მსხვილი საწარმო, როგორიცაა საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აუცილებლად უნდა იყოს სწორად მართული და ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო კორპორატიული მართვის სტანდარტებთან შესაბამისობაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ შერჩეული ვართ პირველ კომპანიად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი შპს-ებიდან, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იქნა შეფასებული და შესაბამისი დასკვნაც დაიდო, თუ სად ვართ, როგორია ჩვენი სტრუქტურა და კორპორატიული მართვის მოთხოვნებთან იქნა დადარებული.

შესაბამისად, დადებითი რაც აღინიშნა არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს სამეთვალყურეო საბჭო, დაკომპლექტებული ვართ პროფესიული კადრებით და გვაქვს ის მექანიზმები, რომელიც არის საავიაციო უსაფრთხოების ხარისხის მართვის, საავიაციო უშიშროების კონტროლის და სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისთვის საჭირო.

ავიაცია არის ძალიან მზარდი სფერო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა, აღდგენის დინამიკა სახეზეა და განახლებული პროგნოზებით 2023 წლისთვის ვიქნებით უკვე 2019 წლის მაჩვენებლებზე. ასე რომ ეს რეფორმა საკმაოდ დროულია", - აცხადებს თამარ არჩუაძე.

მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD უწევენ კონსულტაციას. რამდენიმე დღის წინ BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მთავრობა აეროპორტების გაერთიანების მართვის კორპორატიზაციას აპირებს, რომელიც გააუმჯობესებს ამ კომპანიის მმართველობას და უფრო ეფექტიანს გახდის მის ფუნქციონირებას.