მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, პრემიერი "საქართველოს ფოსტით" დაინტერესდა

6023734a645e2
BM.GE
10.02.21 09:50
1046
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის თემაზე გამართა. ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საქართველოს ფოსტის მიმდინარე აქტივობა, ასევე შესაძლო გეგმები, რა ფორმით შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ფოსტაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რათა გაიზარდოს მისი მართვის ეფექტურობა და განხორციელდეს კერძო ინვესტიციები.

შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ.

"სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის:“საქართველოს ფოსტის” დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მმართველობაში იმყოფება. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, კომპანია 82 სერვის ცენტრს მართავს და მასში 3,000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
 
შეგახსენებთ: “საქართველოს ფოსტის” შესაძლო პრივატიზების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რის შესახებაც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. 2020 წლის ბოლოს კი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ფოსტის პრივატიზების საკითხს მთავრობა 2021 წელს დაუბრუნდებოდა.