მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შემდეგ, კომპანიების ბირჟაზე გატანა უნდა მოხდეს - მინისტრი

60c3a29c78e6c
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.21 23:50
574
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესი ამ ორგანიზაციების საფონდო ბირჟაზე პრივატიზებით უნდა დასრულდეს.

მინისტრის შეფასებით, სანამ რეფორმირების პროცესი არ დასრულდება იქამდე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების პრივატიზება ნაადრევია.

“დღეს კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული და მარტო ერთეული ტრანზაქციები ხდება. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება მოწმენდილ მინდორზე არ ხდება, ამისთვის ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა იყოს თანხვედრაში. ბევრ ფაქტორში ვგულისხმობ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ფაქტიურად მოწესრიგებულია, საგადასახადო დაბეგვრის ბაზა, რომელიც პრაქტიკულად საუკეთესოა მსოფლიოში. საპენსიო ფონდის სახით გავაჩინეთ სტრუქტურა, რომელმაც უნდა შეიძინოს ესა თუ ის ფასიანი ქაღალდები. ამ ეტაპზე რაც არის დარჩენილი იმისთვის, რათა საფონდო ბირჟამ იმუშავოს, არის ემიტენტების წახალისება იმისთვის, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიერ მოხდეს ბირჟაზე გამოსვლა. თუმცა ამ ნაწილში სახელმწიფოსაც აქვს თავისი როლი, როდესაც სახელმწიფო საწარმოებზე ვსაუბრობდით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმამ უნდა მოგვცეს ის შესაძლებლობა, რომ ეს საწარმოები რეფორმის შედეგად მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ შესაძლებელი იყოს მათი საფონდო ბირჟის მეშვეობით პრივატიზება,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

სახელმწიფო საწარმოების სექტორი ყოველწლიურად ზარალს განიცდის. 2020 წლის სრული მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა 2019 წელს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა 68 ფირმამ საქმიანობა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. სახელმწიფო კომპანიების აქტივები ჯამურად 12.6 მილიარდი ლარი, მათი ვალდებულებები კი 8.2 მილიარდი ლარია.