მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოებმა უნდა დააგენერირონ შემოსავალი, რათა ბიუჯეტს სუბსიდირება არ მოუწიოს - EBRD

61c1d0209cc0f
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.21 09:45
772
კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ კომპანიების ბიზნეს მოდელი კომერციულად მდგრადი იყოს, რათა მათი ვალდებულებების გასტუმრება და პროექტების სუბსიდირება სახელმწიფოს არ მოუწიოს.

“მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირების პროცესი. მოდელი, რომელსაც ჩვენ კარგი მმართველობის მიდგომებს ვუწოდებთ. სახელმწიფო საწარმოები უნდა მოქმედებდნენ კომერციული ინტერესებით, არ არის აუცილებელი რომ მოხდეს მათი პრივატიზება, თუმცა მათ უნდა ჰქონდეს სწორი კომერციულად მდგრადი სტრუქტურა, მათ უნდა დააგენერირონ შემოსავალი, რათა ცენტრალურ ბიუჯეტს არ მოუწიოს მათთვის დახმარებების აღმოჩენა სუბსიდირების გზით,” - აცხადებს გადაცემა The Checkpoints-თან ინტერვიუში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

თავად სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინა პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენდა, თუმცა რეფორმა, ჯერჯერობით, განხორციელებული არაა, მეტიც ამ დრომდე არ არის შექმნილი ახალი მოდელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდის - “საპარტნიორო ფონდის” მართვასთან დაკავშირებით. სწორედ საპარტნიორო ფონდში შემავალი სახელმწიფო საწარმოები გამოირჩევიან წლიდან წლამდე სოლიდური ზარალის მოცულობით.

მთლიანობაში სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები სავალალოა. 2020 წელს 160-ზე მეტი საწარმოს ჯამური ზარალი 1 მილიარდ ლარს აღემატებოდა.

ზარალის ერთ-ერთი მიზეზია ე.წ. “კვაზი ფისკალური” საქმიანობები. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო საწარმოები მთავრობის და მუნიციპალიტეტების პირდაპირ დაქვემდებარებაში არიან და ისინი არ იმართებიან კომერციული სტრუქტურების მსგავსად. ხშირად, მათ მთავრობა ავალებს ისეთი საქმიანობის შესრულებას ან ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელიც არაკომერციულია. მაგალითად, “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” მთავრობის დავალებით, მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სარეალიზაციო ფასის სუბსიდირებას ახორციელებს, რაც კომპანიას მილიონობით ლარი უჯდება.

სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაცია მსგავსი “კვაზი ფისკალური” ოპერაციების მოთოკვასაც მოითხოვს, რაც არაერთი მიმართულებით მთავრობისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს.