02.ივნისი .2020 13:31

სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58%-მდე იზრდება - ლიმიტი 60%-ია

views 1765
უკან

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ჭერს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი განსაზღვრავს.

COVID-19-ის კრიზისის გამო, საქართველოს მთავრობა 2020 წელს რეკორდული მოცულობის ვალის აღებას გეგმავს, რის შედეგადაც ვალის ნიშნული 2019 წელს არსებული 41.2% პროცენტიდან, მშპ-ის 58%-მდე იზრდება.

ვალის მოცულობის ზრდის შესახებ “ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების” (BDD) დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. მისი მიხედვით, წელს ვალდებულებების ჯამური ზრდა 7.8 მილიარდი ლარი იქნება. აქედან საგარეო ვალის წმინდა ზრდა (სხვაობა აღებასა და დაფარვას შორის) 6.1 მილიარდი ლარი, საშინაო ვალის წმინდა ზრდა კი 1.7 მილიარდი ლარი იქნება.

ვალის აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდულ საგარეო დაფინანსებაზე მეტია.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობა მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანი ოდენობის საგარეო ვალდებულებების აღებას გეგმავს. კერძოდ, 2021 წელს ახალი ვალის აღება 3.4 მილიარდი ლარი, 2022 წელს კი 2.1 მილიარდი ლარი იქნება. 2021 წლისთვის სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 57%-ზე არის განსაზღვრული.

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია, შესაბამისად, უცნობია ზუსტად როგორ გადანაწილდება მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო ვალდებულებები.

BDD დოკუმენტში ბიუჯეტის მხოლოდ ჯამური მოცულობის შესახებ არის ჩანაწერი, მისი მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტის მოცულობა 14.057 მილიარდი ლარი იქნება, ეს COVID-19-ის კრიზისამდე დამტკიცებულ BDD დოკუმენტში არსებულ ჩანაწერთან, ანუ 12.378 მილიარდ ლართან მიმართებით 1.679 მილიარდი ლარით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა