მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო წყალტუბოს განვითარების კონკრეტულ ღონისძიებებს წლის ბოლომდე გააცხადებს

62ecd4c8e0c2a
ვიქტორია მღებრიშვილი
05.08.22 12:31
731
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროგრამის ფარგლებში 14 სანატორიუმის გასხვისებისთვის გამოცხადებული პირველი აუქციონები გუშინ დასრულდა. შედეგად, ორი სანატორიუმი, ჯამში, 8 982 300 ლარად გაიყიდა.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან აუქციონის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ "რეალურად წყალტუბოს კურორტი ახლიდან იბადება, არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით".

აღსანიშნია, რომ მინისტრი პოტენციურ ინვესტორებს აუქციონების დასრულებამდე 1 დღით ადრე შეხვდა და ამ შეხვედრის შესახებ აღნიშნა, რომ სახელმწიფო წყალტუბოს ახალი სიცოცხლის გეგმის შესასრულებლად ბევრს აკეთებს, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.

„პოტენციურ ინვესტორებს წყალტუბოს როგორც საერთაშორისო მიზიდულობის მქონე კურორტად გადაქცევის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. მათი თხოვნა იყო, რომ აუქციონის ვადა გაგრძელებულიყო და ინვესტორებს შესაძლებლობა მიეცათ თვენახევრის განმავლობაში კიდევ მიეღოთ მონაწილეობა დარჩენილი ობიექტების შეძენაში.

რაც შეეხება გაყიდულ ობიექტებს, აქ ერთი ქართული და ერთი უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიებია. დაინტერესებაა, რომ ბრენდული სასტუმროები შემოიყვანონ. არ მინდა, ინვესტორების ნაცვლად გავახმოვანო მათი გეგმები, მაგრამ აქ საუბარია მაღალი დონის, საერთაშორისო ბრენდების გაჩენაზე წყალტუბოში, რაც მიზიდულობას კიდევ უფრო ზრდის“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ კურორტზე სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.

„სახელმწიფო თავის მხრივ საჯარო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს და ამაზე საუბარი კერძო სექტორთან გვქონდა. წლის განმავლობაში გამოვაცხადებთ კონკრეტულ ღონისძიებებს, გარდა საბაზისო ინფრასტრუქტურისა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით რა სამუშაოები ჩატარდება, ამ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით. მივდივართ გეგმაზომიერად და რეალურად წყალტუბოს კურორტი ახლიდან იბადება, არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.