10.ოქტომბერი .2019 12:30

სახელმწიფომ მევენახეებისგან ყურძნის შესაძენად წელს 60 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

views 226
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე რთველის ფარგლებში, სახელმწიფო კომოპანია „აკურამ“ გლეხებისგან ჯამურად, 60 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების რქაწითელის ჯიშის ყურძენი უკვე შეიძინა.

როგორც მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ინტერვენცია რეკორდულმა მოსავალმა განაპირობა.

„რამდენიმე განკარგულებით მივეცით უფლება სახელმწიფო კომპანია „აკურას“, რომ განეხორციელებინა შესყიდვები იმ ყურძნის, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ რეკორდული რაოდენობა გვაქვს, ამიტომ რამდენჯერმე მოგვიწია იმ მონაცემის გაზრდა, რომლითაც „აკურას“ მივეცით საშუალება, რომ განეხორციელებინა ინტერვენცია. საბოლოოდ, სახელმწიფოს მოუწია საკმაოდ დიდი ჩარევა რქაწითელის ჯიშის ყურძნის დაბინავების კუთხით.

იცით, რომ საფერავი მთლიანად კერძო სექტორის მიერ იქნა შეძენილი და ეს უკვე ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჯანსაღი მოთხოვნა არსებობს. ეს პირდაპირ კავშირშია, მათ შორის ექსპორტთან. იცით, რომ საქართველოდან გასული ღვინის ექსპორტის დაახლოებით 80% წითელი ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ღვინოა. რქაწითელის ჯიშის ყურძენი ძირითადად შიდა მოხმარებისაა. მცირეოდენი წილი მიდის ექსპორტზე, როგორც ღვინო და ნაწილი მიდის საბრენდე სპორტებსა და კონიაკებში.

სახელმწიფო, როგორც წესი, როცა ინტერვენციას აკეთებს, საბრენდე სპირტის წარმოებას ახდენს იმ ჭარბი ყურძნისგან, რომელსაც ბაზარი ვერ ითვისებს და ეს არის ფაქტიურად სახელმწიფოს რეზერვები, რომელიც არ ფუჭდება, პირიქით, ღირებულებაში უნდა იმატებდეს და ჩვენ ფაქტიურად, გარკვეული სანედლეულო დამატებითი რესურსის წყაროს წარმოვადგენთ ხშირ შემთხვევაში, კონიაკის საბრენდე სპირტის მწარმოებელი კომპანიებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, რქაწითელის მოსავალი დაახლოებით 170 ათას ტონას შეადგენს, საიდანაც გარკვეული მოცულობა სწორედ სახელმწიფო კომპანიამ შეიძინა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ იყო რაოდენობა, რომელსაც კერძო სექტორი ვერ აბინავებდა, ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ინტერვენციები, რომ მოსავალი არ გაფუჭებულიყო და მინიმალური გარანტიები სახელმწიფოს შეექმნა. დაახლოებით, 60 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა მოგვიწია, რომ მინიმალური გარანტიები შეგვექმნა და ჩაბარების პრობლემა არ ყოფილიყო.

ეს იყო კერძო, კომერციული კრედიტი, რომელიც აიღო სახელმწიფო კომპანიამ, მაგრამ ეს არ იყო არც სახელმწიფოს დაფინანსება, არც სახელმწიფოს გარანტია. მას აქვს თავისი კაპიტალი, ჰქონდა თავისი რესურსებიც, რომელიც საბანკო სექტორისთვის იყო უზრუნველყოფის სახით გამოყენებული. ეს არის ოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, თუმცა - სახელმწიფოს ფულით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ოპერაციები კომერციულად მინუმუმ წამგებიანი არ იქნება. ამას ვნახავთ იმის მიხედვით, როგორი იქნება კონიუნქტურა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა