მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებზეც გასცა ლიცენზია" - ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი

5de4cc9459884
თელარა გელანტია
02.12.19 12:40
3102
მედიცინის დოქტორის, პროფესორის და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის თენგიზ ვერულავას შეფასებით, დღეს არსებული კლინიკების სიჭარბე ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან სახელმწიფო არასწორად გასცემს ლიცენზიებს.

ამის შესახებ ვერულავას ბლოგშია ნათქვამი, რომელიც პროფესორმა bm.ge-ისთვის დაწერა. ბლოგში ჯანდაცვის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები (მთავრობის 520-ე დადგენილება) და რეფორმის გამოწვევებია მიმოხილული.
თენგიზ ვერულავას შეფასებით, კლინიკების სიჭარბე ზრდის ხარჯებს, თუმცა პროფესორს მიაჩნია, რომ „სახელმწიფომ არსებული კრიზისიდან გამოსვლის ადვილი გზა გამოძებნა“.

„არაიშვიათად, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო ბაზარს ჩვეულებრივ ბაზრად განიხილავს. ამის მაგალითია ბოლო წლებში სამედიცინო ბაზარზე სოკოებივით მომრავლებული კლინიკები. დღეს არსებული კლინიკების სიჭარბე ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან სახელმწიფო არასწორად გასცემს ლიცენზიებს. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებზეც გასცა ლიცენზია, რომელთა უკან ბიზნესმენები, პარლამენტარები, სამინისტროს წარმომადგენლები დგანან.

ამ შემთხვევაში პრობლემაა არა თავად კლინიკების რაოდენობის ზრდა, არამედ ის გარემოება, რომ ამ პატარა კლინიკების უმრავლესობის დაფინანსების უმთავრესი წყაროა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. თითქოს მხოლოდ იმიტომ შეიქმნენ რომ სახელმწიფოს ისედაც მწირი რესურსების ხარჯზე ეარსებათ, რაც სამართლიან ეჭვის იწვევს. სწორედ ასეთი „ახალგამომცხვარი“ წვრილი კლინიკების ზრდა და მათი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში განაპირობებს ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების ზრდას და პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის ყოველწლიურ ათეულმილიონიან დეფიციტს.

სტატისტიკური ინფორმაციით, 2011-წლიდან 2018 წლის ჩათვლით კლინიკების რაოდენობა 229-დან 272-მდე გაიზარდა. დღეისათვის საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე 79 კლინიკა ფუნქციონირებს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნება.

ერთი მხრივ, კლინიკების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე ბევრად მაღალია. ამავდროულად, ჭარბი კლინიკების ფონზე არათანაბარია მათი სიმძლავრე და საწოლფონდის დატვირთვა, რომელიც დღეს მხოლოდ 47 %-ს უტოლდება, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად რენტაბელობის მაჩვენებელი მინიმუმ 80% უნდა იყოს. საწოლთა არასათანადო დატვირთვა ზრდის მომსახურების ხარჯს და ამცირებს ხარისხს, რადგან პატარა კლინიკების განვითარების და მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობა-დანადგარებში ინვესტიციების შესაძლებლობა დაბალია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კლინიკების სიჭარბე ზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებს, რადგან თითოეულ საავადმყოფოს სჭირდება საკუთარი მენეჯერები, დამხმარე პერსონალი... კლინიკების სიჭარბე და დაბალი დატვირთვა ზრდის კომუნალური, ცვეთის და სხვა მსგავს ხარჯებს. ყოველივე ზემოაღნიშნული განაპირობებს მომსახურების ფასის ხელოვნურ გაზრდას.

სახელმწიფომ არსებული კრიზისიდან გამოსვლის ადვილი გზა გამოძებნა: შეამცირა ტარიფები, თანაც ზოგ შემთხვევაში სერვისების რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებზე, რაც დაუშვებელია. სახელმწიფომ უპირველესად უნდა მოახდინოს საყოველთაო პროგრამაში მონაწილე დაწესებულებათა სელექტიური კონტრაქტირება“, - აცხადებს თენგიზ ვერულავა.