მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ "ენერგო პროს" უნდა ჩამოართვას სვანეთის რეგიონი და თავად მართოს - სასტუმრო “გისტოლა”

61e168a79f29f
მარიამ ადამია
16.01.22 18:30
2798

მესტიაში მდებარე სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი მიიჩნევს, რომ სვანეთში მაინინგის პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, ამისთვის კი “ენერგოპროს” უნდა ჩამოერთვას ეს რეგიონი და სახელმწიფოს მართვაში გადავიდეს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

საქმე ისაა, რომ სვანეთში უკვე წლებია კრიპტოვალუტების მაინინგი მიმდინარეობს, რის გამოც რეგიონი ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, ამის გამო მოსახლეობას დენი გრაფიკით ან შეფერხებით მიეწოდება. გასულ კვირებში კურორტი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა. მაინინგის პრობლემის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობს კომპანია “ენერგო პრო”, რომელიც საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიაა. კრიპროვალუტების მოპოვება სვანეთში მიმზიდველი იმის გამოა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურის გადახდისგან თავისუფალია.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას დღის წესრიგში აქტიურად აყენებს “ენერგო პრო”, ირაკლი გურჩიანი მიიჩნევს, რომ რეგიონში მაინერებს სწორედ კომპანია მფარველობს.

“შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა ჩამოართვას ენერგო-პროს სვანეთის რეგიონი და თავად უნდა მართოს, რადგან ენერგო პროსთვის სვანეთის ენერგომომარაგება არ არის პრიორიტეტული და საერთოდ არ აინტერესებთ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო იქნება უფრო კარგი მმართველი, რადგან ჩვენ, მოსახლეობა ვერ ვთხოვთ პასუხს "ენერგო პროს", განსხვავებით სახელმწიფოსგან, რომელიც ჩვენი არჩეულია და პასუხისმგებელია ჩვენზე…მაინინგის კუთხით მუშაობენ ადამიანები, ვისაც ე.წ. “კრიშა” ჰყავს ენერგო-პროდან…რამდენიმე თანამშრომელი, მაღალჩინოსანი გააგდეს კიდეც "ენერგო პროდან", რადგან ძრითადად მაინინგით იყვნენ დაკავებული. ძალიან იოლია გაიგო, რომელ სახლშია განთავსებული ეს მაინერები,” - აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა.

კითხვაზე, რამდენად მოაგვარებდა შექმნილ პრობლემას, თუკი სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს თავად გადაიხდიდა, როგორც სხვა რეგიონის მცხოვრებლები, გურჩიანი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო საქართველოს დანარჩენი კუთხეების მსგავს ინფრასტრუქტურასა და პირობებს მოაწყობს სვანეთშიც.

“შეიყვანეთ გაზი და ყველა ის აუცილებელი პირობა შეიქმნას სვანეთში, რაც საქართველოს დანარჩენ კუთხეებშია და ამ შემთხვევაში კი ბატონო, გადაიხადოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მოხმარებული ელექტროენერგიის ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფს ვერავინ გადაიხდის, თუკი სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასო არ იქნება, წარმოუდგენელია რა უნდა ქნას იმ ხალხმა, სადაც არც გაზია, ხის მოჭრა კი აკრძალულია. რითი უნდა გათბეს მოსახლეობა?! ” - ამბობს გურჩიანი.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, თუმცა ძაბვა დაბალია, რაც ისევ პრობლემებს ქმნის. გურჩიანის განცხადებით, აშკარაა, რომ კრიპტოვალუტების მოპოვების მიზნით მაინერები ისევ ჩართულია, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა.

სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, დაბალი ძაბვა ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ტურისტებს და ისინი ჯავშნებს აუქმებენ, ან კურორტს დროზე ადრე ტოვებენ.

„დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან, ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!“- ეს პირობა მესტიაში წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა ადგილობრივებმა, 30 დეკემბერს, მას შემდეგ დადეს, როცა ნათელი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ელექტრომომარაგება სხვა გზით ვერ მოგვარდებოდა და მოსახლეობას, ასევე სვანეთში ჩასულებს უშუქობა ემუქრებოდა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დღეს აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მესტიელებს შუქი გრაფიკის გარეშე მიეწოდებათ, თუმცა დენის მოხმარება არ შემცირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავარიული გათიშვები გამორიცხული არაა.