მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ რეფორმა ტარიფების გათანაბრებით დაიწყო, რაც სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია" - პროფესორი

5de4fbdf5e810
თელარა გელანტია
02.12.19 15:55
1527
მედიცინის დოქტორის, პროფესორის და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის თენგიზ ვერულავას აზრით, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა რეფორმის დაწყება სამედიცინო ორგანიზაციების სელექციური კონტრაქტირებით, მითუმეტეს, როდესაც საქართველოს ამ კუთხით აქვს სამეანო-ნეონატალურ სერვისებზე პოზიტიური გამოცდილება.

ამის შესახებ ვერულავას ბლოგშია ნათქვამი, რომელიც პროფესორმა bm.ge-ისთვის დაწერა. ბლოგში ჯანდაცვის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები (მთავრობის 520-ე დადგენილება) და რეფორმის გამოწვევებია მიმოხილული.

„სელექციური კონტრაქტირება გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებების შერჩევას სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, ჰოსპიტალურ სერვისებზე სელექციური კონტრაქტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საწოლფონდი ანუ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საწოლების გარკვეული რაოდენობა. მაგალითად, ზოგი კვლევა ადასტურებს, რომ 100 საწოლზე ნაკლები საავადმყოფო არაეფექტურია და არის ქვეყნები, სადაც მათ სახელმწიფო პროგრამით ხელშეკრულებას არ უდებენ. თუმცა საქართველოში გასათვალისწინებელია კლინიკების გეოგრაფიული მდებარეობა, რადგან ზოგ რაიონში შესაძლოა, აუცილებელი იყოს პატარა ზომის საავადმყოფოს შენარჩუნება. სელექციური კონტრაქტირება ასევე გულისხმობს გარკვეული სადიაგნოსტიკო მოწყობილობა-დანადგარების არსებობას. საყურადღებოა, რომ კრიტერიუმები შემუშავებულია რეანიმაციაში, ანესთეზიოლოგიასა და კარდიოქირურგიაში.

სელექციური კონტრაქტირება ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას, რადგან სახელმწიფო კონტრაქტს აფორმებს ისეთ კლინიკებთან, სადაც სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი ხარისხია. სელექციური კონტრაქტირება ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში კლინიკების რაოდენობის ოპტიმიზაციას, ხარჯების შეკავებას და საწოლფონდის დატვირთვის გაზრდას. სელექციური კონტრაქტირებით სახელმწიფო ირჩევს შედარებით მსხვილ საავადმყოფოებს, სადაც უფრო მეტია სერვისების წარმოების მოცულობა, საწოლთა დატვირთვა, შესაბამისად, მით მეტია ეფექტურობა. ხარჯების ოპტიმიზაცია მხოლოდ დიდი ზომის კლინიკების შემთხვევაშია შესაძლებელი.
გარდა ამისა, მსხვილ საავადმყოფოებს ახასიათებს მასშტაბის ეკონომია, რაც გულისხმობს საქონლის წარმოებას შემცირებული დანახარჯებით, როცა წარმოების მოცულობა დიდია და გვაქვს უფრო დაბალი ფასები. ასევე, მსხვილ საავადმყოფოებს მოწინავე ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ.

მნიშვნელოვანია, რომ ტარიფების გათანაბრება არ თქმულა ცალკე კონტექსტად, ამაზე საუბარი იყო სელექციურ კონტრაქტირებასთან ერთად. თუმცა, სახელმწიფომ რეფორმა ტარიფების გათანაბრებით დაიწყო, რაც სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია. სახელმწიფოს სელექტიური კონტრაქტირებით რომ დაეწყო რეფორმები, შესაძლოა სამედიცინო სექტორში დღეს შექმნილი ნეგატიური დამოკიდებულება თავიდან აეცილებინა, რადგან სელექტიური კონტრაქტირების შედეგად ხარჯების შეკავებით მიღებული ეკონომიით შესაძლებელი იქნებოდა ადექვატური ტარიფები შეეთავაზებინა მის მიერ შერჩეული სამედიცინო ორგანიზაციებისათვის“, - აცხადებს პროფესორი.