მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ ტურიზმის კერძო სექტორი უნდა დაასუბსიდიროს - UNWTO-ს რეკომენდაციები

5ec238fba812e
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.20 23:20
1774
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორში მოქმედ ბიზნესოპერატორებს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს და დაასუბსიდიროს.

„ეს პოლიტიკურად რთული და საკმაოდ ძვირი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენი აზრით, ერთადერთი გზაა, რომელიც შეძლებს იმ ბალანსის და სიტუაციის შენარჩუნებას, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ“, - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი Forbes Talks-ში UNWTO-ს მიერ სახელმწიფოებისთვის გაცემული სუბსიდირების რეკომენდაციებზე საუბრისას.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმ მიმართულებებს ასახელებს, სადაც სახელმწიფო მხარში უნდა დაუდგეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, რათა არ შეექმნათ ლიკვიდურობის პრობლემები.

„2-3 კვირის წინ ჩვენს წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ ჩვენი რეკომენდაციები - თუ როგორ უნდა ემოქმედათ, ჩვენი აზრით, ამ მოკლევადიან შოკურ პერიოდში. ძირითადად, ეს რეკომენდაციები ეხებოდა კერძო სექტორს, რადგან ყველაზე მეტად ვინც ზიანი განიცადა ამ პერიოდში, იყო სწორედ კერძო სექტორი და ადამიანები, ვინც დასაქმებულები არიან ამ სფეროში. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ მომხდარიყო მათი რეაბილიტაცია და მათი დახმარება, სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე მაინც, რადგან სანამ გაიხსნება საზღვრები და საერთაშორისო მიმოსვლები, აუცილებლად განვითარდება ადგილობრივი ტურიზმი და სწორედ ეს ადგილობრივი ტურიზმის რიცხვებში, რომ გადავიყვანოთ და დავთვალოთ და სახმელეთო შემოსვლები რომ დავუმატოთ, იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ადამიანები, ვინც სექტორში იყვნენ დასაქმებულები არ დაზარალდნენ ისე, როგორც შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.. ეს 2-3 თვიანი პერიოდი, სანამ გაიხსნება და დავუბრუნდებით იმ სექტემბრის სცენარს (ზურაბ პოლოლიკაშვილი საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლებას სექტემბრის ბოლოსთვის პროგნოზირებს), იძლევა საშუალებას, რომ რაღაც დოზით შევინარჩუნოთ ეს არსებული სიტუაცია. ეს იქნება სუბსიდირების ხარჯზე, ამაში ჩაერთვება სახელმწიფო და ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს ეს ადამიანები, ან ასწავლოს, ან მეტი განათლება მისცეს... მილიონი გზა არსებობს იმის, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ სახლში გაშვებულები, არ დარჩნენ უსამსახუროდ და მათი მობრუნება შემდეგ კიდევ ცალკე პროცესი და ცალკე ხარჯებთან არ იყოს დაკავშირებული.

სწორედ ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია, სახელმწიფო დახმარებოდა კერძო სექტორს:

პირველი - ლიკვიდურობის შენარჩუნებაში;

მეორე - კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში, ვინაიდან ბევრ მათგანს გააჩნიათ ვალდებულებები ბანკების მიმართ;

მესამე - სუბსიდირება მომხდარიყო მათი თანამშრომლების და დახმარება გაწეულიყო, რომ ადამიანებს არ დაეკარგათ სამსახურები.

ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან დიდ ხარჯათან არის დაკავშირებული. ჩვენ შემთხვევაში 150 000 ადამიანია დასაქმებული სექტორში, რომელიც დღეს ფაქტიურად ვერ მუშაობს და სახლში ზის. ეს პოლიტიკურად რთული და საკმაოდ ძვირფასი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენი აზრით, ერთადერთი გზაა, რომელიც შეძლებს იმ ბალანსის და სიტუაციის შენარჩუნებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ“, - განმარტავს UNWTO-ს რეკომანდაციებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.